ჯონდი ბაღათურიას დეზინფორმაცია თითქოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას ამერიკა აფერხებს

2017-09-01 19:12:04
211

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 28 აგვისტო - 3 სექტემბრის გამოშვებაში გამოქვეყნდა ქართული დასის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას ამერიკა უშლის ხელს.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „წარმოგიდგენიათ, ამერიკა ამ ხელისუფლებას იმის უფლებასაც კი არ აძლევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოს რუსეთში ჩასვლა!“

ჯონდი ბაღათურიას განცხადება ტყუილია, რადგან რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სავიზო რეჟიმი, პანკისის ხეობიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შესვლის საფრთხის საბაბით, 2000 წლიდან საკუთარი ინიციატივით დაუწესა. 2012 წელს საქართველომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გააუქმა, რასაც მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების წინაპირობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებაა.

მოვლენების ქრონოლოგია:

  • 2000 წლის 5 დეკემბერს - რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად  დაუწესა. მიზეზად კი პანკისის ხეობიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შესვლის საფრთხე  დაასახელა. აღნიშნულს წინ უძღოდა, 2000 წლის 30 აგვისტოს "დსთ"-ს ტერიტორიაზე წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა თავისუფალი უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების დენონსირება. თუმცა, ეს ცვლილება ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს არ შეხებია.
  • 2006 წელს - რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი რეიდი მოაწყო, რა დროსაც რუსეთში მცხოვრები საქართველოს ასეულობით მოქალაქის მიმართ ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მოპყრობას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი. შედეგად საქართველოს დაახლოებით 4600 მოქალაქე რუსეთიდან გამოაძევეს. ზემოაღნიშნული მასობრივი რეიდებისა და დეპორტაციის პროცესში საქართველოს 4 მოქალაქე  დაიღუპა.

ფოტო: რუსეთის ფედერაციიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია 2006 წლის შემოდგომაზე.

ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო 2007 წლის 26 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანა და დეპორტაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ეროვნების მქონე პირების უფლებების დარღვევის აღიარება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 2014 წლის 3 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით დადგინდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან ევროპის ადმიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია რომ დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. სტრასბურგის სასამართლომ ზიანის სანაცვლოდ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა, რაც ქართული მხარის მიერ 70 320 000 ევროთი განისაზღვრა. რუსულმა მხარემ კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა, ხოლო რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი მატიუშკინმა 70 მილიონი ევროს გადახდის მოთხოვნა ქართული მხარის „კაპრიზად“ ("хотелки грузинской стороны") შეაფასა. 2017 წლის 9 აგვისტოს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმეზე „შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ რუსულმა მხარემ ლია შიოშვილს 30 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა. ლია შიოშვილი 2006 წლის შემოდგომაზე ფეხმძიმობის მეცხრე თვეში, 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან გამოაძევეს, თუმცა შემდგომ დაახლოებით 2 კვირა გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ორსულმა შიოშვილმა მკვდრადშობილი ჩვილი დაბადა.

  • 2008 წლის 2 სექტემბერს - რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები  გაწყვიტა. სავიზო რეჟიმი რუსეთთან გამკაცრდა, რაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, საომარი მდგომარეობის არსებობით იყო განპირობებული. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №426 ბრძანებულებით, საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედების გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი აღდგა და რუსეთის მოქალაქეებს სამ თვემდე მოქმედების ვადის მქონე ვიზების აღების შესაძლებლობა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე კვლავ  მიეცათ.
  • 2010 წლის 11 ოქტომბერს - საქართველომ სავიზო რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის გააუქმა და ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
  • 2012 წლის 28 თებერვალს - საქართველომ ცალმხრივად  გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რაც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების  განმარტებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებით, რუსეთის მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემის და მშვიდობის დამყარების სურვილით იყო განპირობებული. ამასთანავე ხაზგასმული იყო სუვერენულ სახელმწიფოთა შორის მოქმედ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მოქმედების აუცილებლობა. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე იმ შემთხვევაში შემოიღებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმს, თუ გაუქმდება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების  შესახებკანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს განსაზღვრავს და მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამავე მუხლის მე-3 მუხლი გამონაკლის შემთხვევებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას სპეციალური ნებართვით დასაშვებად ცნობს, თუ ის ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

დღეისათვის, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრება მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის ვიზის მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ გაიცემა. ამასთან, 2015 წლის 23 დეკემბრიდან ვიზები მხოლოდ რუსეთის მოქალაქისა და იურიდიული პირების მოწვევის საფუძველზე გაიცემა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ეწინააღმდეგება ქართული მხარის მოთხოვნას რუსეთმა უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ აღიარება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ თაიმლაინზე.


მოამზადა დალი ქურდაძემ

http://mythdetector.ge/ka/myth/jondi-baghaturias-dezinpormatsia-titkos-rusettan-uvizo-mimosvlas-amerika-aperkhebs