ჩეხეთის პოლიცია: ვრბეტიცეში იარაღის საწყობების აფეთქების უკან რუსეთის დაზვერვა იდგა

29-04-2024 15:38:38 ევროპა

რუსული დაზვერვის სამსახურები მონაწილეობდნენ 2014 წელს სოფელ ვრბეტიცეში სამხედრო საწყობების აფეთქებებში. ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის სამწლიანი გამოძიების ანგარიშში.

როგორც იუწყებიან, სასამართლო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მოვლენა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია, არ იყო უბედური შემთხვევა. ჩეხეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ ჩეხეთის ტერიტორიაზე საწყობის აფეთქებების ორგანიზატორი არის რუსეთის GRU-ს ის აგენტები, რომლებმაც შემდეგ მკვლელობის მცდელობა განახორციელეს დიდი ბრიტანეთის სოლსბერიში. 10 წლის წინ მომხდარი აფეთქების მიზანი იყო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თავიდან აცილება იმ ქვეყნებისთვის, პირველ რიგში - სირიისა და უკრაინისთვის, სადაც რუსეთის არმია სამხედრო ოპერაციებს ატარებდა.

„დასკვნაში NCOZ-მა დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა მონაწილეობდა აფეთქებების ორგანიზებასა და ჩეხეთის მოქალაქეების სიკვდილში მათ შორის ის ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო ერთადერთი ასეთი ქმედება, არამედ რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსიის გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების ნაწილი ევროკავშირისა და უკრაინის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

პოლიციის ანგარიშში GRU-ს ოფიცრების ვინაობა არ არის ნახსენები, მაგრამ ადრე გამომძიებლებმა დაასახელეს ანატოლი ჩეპიგას და ალექსანდრე მიშკინის სახელები. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის დაზვერვის ეს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა 2018 წელს სოლსბერიში ყოფილი საბჭოთა დაზვერვის ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.

2014 წლის 16 ოქტომბერს ვრბეტიცეში მდებარე სამხედრო მასალების №16-ე სამხედრო საწყობში, რომელიც იარაღის კომპანია Imex Group-ს ეკუთვნოდა, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. თვე-ნახევრის შემდეგ, აფეთქების შედეგად კიდევ ერთი იარაღის საწყობი განადგურდა. ამ აფეთქებების ორგანიზებაში ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები