რუსეთი საქართველოს აფხაზეთს დაუბრუნებს?

07-05-2024 19:19:48 კონფლიქტები

საქართველოში მიმდინარე დრამატული მოვლენები, კერძოდ ის, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის ზღვარზეა, აფხაზეთში გარკვეულ შფოთვას იწვევს. რა თქმა უნდა, არც ისეა საქმე, ღამით აღარავის ეძინოს და მთელი აფხაზეთი თბილისში მიმდინარე აქციებს გამუდმებით ადევნებდეს თვალს. მაგრამ მოაზროვნე ფენაში გაჩნდა შეშფოთება, ხომ არ აისახება საქართველოს ხელისუფლების მიერ გეზის რუსეთისკენ აღება რეგიონში აფხაზეთის როლზე? აქაოდა, ვინ იცის, რა შემხვედრ ნაბიჯებს მოსთხოვს ბიძინა ივანიშვილი რუსეთს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კურსის მკვეთრი გახისტების სანაცვლოდ და რაც მთავარია, რომელი მისი თხოვნა აღმოჩნდება მისაღები მოსკოვისთვის?

თითქმის 30 წლის განმავლობაში სოხუმი მიეჩვია ცხოვრებას გარკვეულ რეალობაში, რომელიც ფუნდამენტურად, ურყევად, შეუცვლელად ეჩვენებოდა: საქართველო ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატო-ში, ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონსა და ბრიუსელთან და ამ გზიდან არაფრის დიდებით არ გადაუხვევს; აფხაზეთი კი, თავის მხრივ, იმყოფება რუსეთის პატრონაჟის ქვეშ, რომელიც მას ფინანსურად, ეკონომიკურად უზრუნველყოფს, იცავს სამხედრო ძალით, გააჩნია რამდენიმე სამხედრო ბაზა... „ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი სტაბილურად“ - და ეს სტაბილურობა აფხაზებს სრულად აკმაყოფილებდათ. შესაბამისად, ის, რაც სადღეისოდ საქართველოში ხდება, მათთვის გრანდიოზული მოულოდნელობაა: მათ მყუდრო ერთპოლარულ სამყაროს, რომელშიც ყველაფერი ნათელი იყო და გასაგები, შესაძლოა, ბოლო მოეღოს.

ამას არავინ ელოდა, არავინ იყო მზად, აფხაზები კი - ყველაზე ნაკლებად.

მართლაც წარმოუდგენლად ჟღერს, რომ საქართველო პროდასავლურ კურსზე ამბობს უარს და რუსეთის უღელქვეშ დგება. თუმცა გარეგნულად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცალსახად ასე არ გამოიყურება: ივანიშვილის მთავრობა დასავლურ სტრუქტურებს ეკინკლავება, მაგრამ აგრძელებს იმის მტკიცებას, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იღწვოდეს და მოსკოვთან ინტეგრაციის არანაირი სურვილი არ გააჩნდეს.

პრინციპში, სრულიად შესაძლებელია, „ქართული ოცნება“ მართლაც მიდიოდეს დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზე მისი ლიდერისთვის სრული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამავე დროს სულაც არ სჭირდებოდეს მეტისმეტად ღრმა ურთიერთობები საშიშ და ტოქსიკურ რუსეთთან. იდეაში, ქართულ-რუსული ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ბიძინასთავის იდეალურია: ის და მისი ხელისბიჭები რუსულ ეკონომიკაზე მშვენიერ ფულს აკეთებენ და ეს პოტენციალი უკვე ამოწურეს კიდეც (საქართველო რუსეთში ამჟამიდელზე მეტ ღვინოს ვეღარ გაყიდის და ვერც რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება მრავალჯერადად წმინდად ფიზიკურად); ამასთან, საქართველოს გავლით მცირე ოდენობებით პარალელური იმპორტი წარმოებს, მაგრამ ყველა სანქცია დაცულია და შესაბამისად, რისკები არ არსებობს... რუსეთი „ქართულ ოცნებას“ სხვას ვეღარაფერს შესთავაზებს, მაშასადამე, ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების, დსთ-სა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების არანაირი მოტივაცია არ არსებობს... „რისთვის? - ყველაფერი, რაც რუსეთისგან გვჭირდებოდა, უკვე გვაქვსო“, - მსჯელობენ მეოცნებეები.

ამასთანავე, ივანიშვილმა, რომელმაც 1990-იან წლებში 6 მლრდ სწორედ რუსეთში დააგროვა, ჩვენზე უკეთ იცის, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია მეტისმეტი დაახლოება პუტინთან. ბიძინას სურს, საქართველო მის საკუთრებად ჩამოაყალიბოს, რომელშიც მის გარდა ყველა დანარჩენი მომსახურე პერსონალი იქნება, ხოლო პუტინის მსგავს ტოქსიკურ სუბიექტზე მეტისმეტი დამოკიდებულება მას ნამდვილად არ სჭირდება...

დიახ, ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ასეა, მაგრამ მთლად ასეც არაა. თუ თქვი „ა“, „ბ“-ს თქმაც მოგიწევს. თუ დასავლეთს მტრად აცხადებ იმ დროს, როცა არავითარი სხვა მოკავშირე არ გყავს, შემდეგი ნაბიჯი რუსულ ლიანდაგზე სრულად გადასვლა იქნება. და თუ უახლოეს თვეებში ბიძინა ივანიშვილს არავინ შეაჩერებს, ეს სცენარი ყველა შესაძლოს შორის ყველაზე რეალისტურია.

ქართველებისთვის ეს ეროვნული კატასტროფა იქნება. ქვეყანა გავითარების პერსპექტივას ერთი ადამიანის ინტერესების გამო დაკარგავს.

აფხაზებისთვის კი ეს ახალი რეალობაა, რომელთანაც მათ ადაპტირება მოუწევთ. ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში აითვისეს, წლების განმავლობაში გამომუშავებული უნარი, რუსეთის საპირწონედ საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე ეთამაშათ, ახლა შეუძლიათ, წყალს გაატანონ.

ახალ ვითარებაში აფხაზების მთავარი შიში იმაში მდგომარეობს, ხომ არ „ჩააბარებს“ მათ რუსეთი საქართველოში მოსკოვის პროტეჟეების დასახმარებლად? „ოცნება“ ხომ ახლა ლეგიტიმაციის დეფიციტს განიცდის და დახმარება სჭირდება: იმ მოქალაქეების უდიდეს ნაწილსაც კი, რომლებიც აქამდე „ოცნებას“ აძლევდნენ ხმას, საგარეო ვექტორის რუსეთისკენ შეტრიალებისთვის ხელი არასოდეს მოუწერიათ... და რამ შეიძლება, შექმნილ ვითარებაში „ოცნება“ გადაარჩინოს? - რა თქმა უნდა, რაიმე ძვრებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.

თითქოს ლოგიკურია, რუსეთმა ახლა თბილისს აფხაზეთი „აჩუქოს“ - მაშინ ივანიშვილის ხელისუფლებას მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში აღარაფერი დაემუქრება. მაგრამ უნდა დავამშვიდო აფხაზები: იმპერიებს საკუთარი - ჩვენთვის გაუგებარი ლოგიკა აქვთ. რუსებს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ, აფხაზეთი სარფიანად „ჩაებარებინათ“ და სანაცვლოდ საქართველოსგან ლოიალობა მიეღოთ, თუმცა ეს შანსი არასოდეს გამოუყენებიათ. არადა, ძალიან ხშირად საუბარი იყო თბილისის მხრიდან ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც მოსკოვს მართლაც ძალიან სჭირდებოდა.

ასე, მაგალითად, 2001 წელს მოსკოვი საქართველოს მთიან რეგიონებთან წვდომას სთხოვდა, რათა ჩეჩნეთისთვის ზურგში დარტყმის შესაძლებლობა გასჩენოდა. მაშინ ეს რუსეთს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას საგრძნობლად გაუმარტივებდა და გამარჯვებასაც დააჩქარებდა. ქართული მხარე ამ წინადადებას ტერიტორიულ საკითხებში ძვრების სანაცვლოდ დასთანხმდა: რა გესაქმებათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში? - გარიგება სარფიანია, ჰოდა დაგვთანხმდითო... თუმცა რუსეთმა მტკიცე უარი განაცხადა და ამჯობინა, საქართველო სავიზო რეჟიმის შემოღებით დაესაჯა.

ეს ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ იმპერიები სარგებლის პრინციპით ყოველთვის როდი ხელმძღვანელობენ და საკუთარი მოკაშირეებით არასოდეს ვაჭრობენ.

ამასთან, არავის უნდა გაუჩნდეს პარალელი ყარაბაღთან - იქ სულ სხვა სიტუაციაა. უპირველესად, აზერბაიჯანი რუსეთის მიმართ გაცილებით მეგობრული იყო, ვიდრე საქართველო; მეორე - მოსკოვს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დონეზე, არაფერი ჰქონდა აზერბაიჯანისთვის 6 შიდა რაიონის დაბრუნების საწინააღმდეგო და ამას ყარაბაღის სომხების მიერ შენარჩუნების ერთგვარ საზღაურად აფასებდა. თუმცა ერევანი მაშინ წინააღმდეგ წავიდა; მესამე - ყარაბაღი არასოდეს ყოფილა მოსკოვის პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონა, იქ არ იდგა რუსული ჯარი, ის არ იყო აღიარებული რუსეთის მიერ, მისი ბიუჯეტი არ ივსებოდა გადასახადის რუსი გადამხდელების ფულით და ზოგადადაც, ეს თითქოს სომხეთი იყო და შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პასუხისმგებლობაც სომხეთს ეკისრებოდა. ამდენად, გარკვეულ მომენტში დაემთხვა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი: აზერბაიჯანის გაძლიერება, თურქეთის, როგორც მოსკოვის საპირწონეს ხისტი პოზიცია და არცთუ საუკეთესო დამოკიდებულება სომხეთის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ. საბოლოო ჯამში, კრემლში გადაწყვიტეს, რომ საქმე იმად არ ღირდა. აფხაზეთთან ვერავითარი პარალელები ამ შემთხვევაში ვერ იქნება. აფხაზეთი ხომ რუსეთს დაქვემდებარებული ტერიტორიაა და მასზე სრულად მოსკოვია პასუხისმგებელი.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სუპერმძიმე წონის სიცრუეში მსოფლიო ჩემპიონ რუსეთს არასოდეს უცდია საქართველოს მოტყუება პროდასავლურ ორიეტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნების დაპირებით. მსგავსი დაპირებები არც „ქართული ოცნების“ მიმართ ყოფილა. და ვერც იქნებოდა, რადგან თუ იმპერია მოკავშირეებით ივაჭრებს, ის იმპერია ვეღარ იქნება.

მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში მოსკოვი სოხუმისადმი კურსს ამკაცრებს და კონტროლს ზრდის, მოითხოვს რა მთელი რიგი იმ კანონების მიღებას, რომლებიც მას არსობრივად, კრასნოდარის მხარედ აქცევს. დასაფასებელია, რომ აფხაზები ამას წინააღმდეგობას უწევენ და დროს მაქსიმალურად აჭიანურებენ...

რა თქმა უნდა, ახალი მოკავშირის დასახმარებლად რუსმა ბატონმა შესაძლოა, მოუგდოს საქართველოს გადაადგილების რეჟიმის გარკვეული შემსუბუქება, ან რაიმე კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც „წუთი-წუთზე“ დაიწყებს თბილისსა და სოხუმს (ცხინვალს) შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს... ამ ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო და საბოლოო წარმატებამდე სულ ცოტა რჩება - მთავარია, ოქტომბერში ყველანი საარჩევნო ყუთებთან გავიქცეთ და „ოცნებას“ მივცეთ ხმა, თორემ ეს პროცესი შეჩერდება. არჩევნებიდან ორიოდ თვეში კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი მორიგი ფანდი და იმიტაცია იყო... მაგრამ ეს - დეკემბერში....

ასე, რომ შემიძლია, დავამშვიდო აფხაზები: რუსეთი თქვენ არ „ჩაგაბარებთ“. მოსკოვს ეს ტერიტორია სათავისოდ აქვს შემონახული.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები