კომპანია, რომელსაც შავ ზღვაში გაზი უნდა აღმოეჩინა, საქართველოდან გადის

07-05-2024 18:02:59 საზოგადოება ,ეკონომიკა

OMV Petrom -ი, რომელსაც შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, ქვეყანას ტოვებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომპანიამ 2024 წლის პირველი კვარტალის ანგარიშში დაწერა.

OMV Petrom-ის პრესსამსახურში BMG-სთან განმარტავენ, რომ პროექტის პარტნიორებთან ერთად განხორციელებას ისახავდნენ მიზნად, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ პარტნიორი ვერ მოძებნა, მათ საბოლოოდ საქართველოდან გასვლა განიზრახეს.

"საქართველოში ბლოკის საძიებო პარტნიორის იდენტიფიცირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, OMV Petrom-მა გადაწყვიტა ლიცენზიის გაუქმება. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუმინულმა OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. კომპანიას საძიებო სამუშაოები სპეციალური ხომალდით უნდა ჩაეტარებინა.

OMV-სა და საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობდა შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, რათა ადგილზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება მომხდარიყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები