მედია: საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს ოკუპაციაზე აღარ ეკითხებიან

07-05-2024 20:43:03 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, აღარ არის ნახსენები ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია - წერს "ეხო კავკაზა" ტელეგრამ–არხებსა და მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.

ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. საქართველოს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება ისტორიის ახალი და ძველი ტესტები.

მანამდე მოქალაქეობის მსურველებისთვის, კერძოდ, შესაძლოა, ეკითხათ: რომელ ქვეყანას აქვს დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული - რუსეთს, ისრაელს, ჩინეთს თუ იაპონიას. ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.

გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას".

ამასთან, ამოიღეს სამი შეკითხვა ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით: რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?ვინ იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?

ახალ ტესტებში არ არის კითხვები როგორც ქვეყნის მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე, ასევე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ზე. ადრე ტესტებს შორის იყო კითხვა:

ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან რომელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა თუ ბრაზილია?

მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, "ჩამოთვლილთაგან რომელი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით - იოსებ სტალინი, ლეხ კაჩინსკი, ვლადიმერ პუტინი თუ უგო ჩავესი (სწორი პასუხია კაჩინსკი)".

ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.

ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გაფორმდა.

ისტორიის ტესტები პირველად 2018 წელს შეადგინეს. 202 კითხვიდან მოქალაქეობის მსურველებს 10-ზე უწევდათ პასუხის გაცემა. ახლა კითხვები გართულდა, მათი საერთო რაოდენობა 200-ია. საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები