"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

07-05-2024 23:57:14 საზოგადოება

7 მაისს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა თბილისში.

მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტიდან "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით, სადაც პოლიციის კორდონი დახვდათ.

"ვიცი, ძალიან ბევრს არ გსურთ მანდ დგომა. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი 2008 წლის ვეტერანია, ბევრი თქვენგან გულანთებული პატრიოტია, გიყვართ თქვენი შვილები, რადგან ეს თაობა თქვენი შვილების თაობაა",– მიმართა პოლიციელებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ცეცხლაძემ.

მან პოლიციელებს მოუწოდა, იყვნენ მკაფიონი თავიანთ პოზიციაში, "საქართველოს მომავალს თქვენ გარეშე ვერ დავიცავთ".

მან მიაწოდა პოლიციელებს ინფორმაცია, რომ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერაზე ფოკუსირდება:

"არ არის აუცილებელი, ოჯახებში ლუკმა-პურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ".

ცეცხლაძემ, ასევე მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაერთიანდნენ და დათმონ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები.

მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი მშვიდობის ხიდზე ავიდა, საიდანაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს, შემდეგ კი ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ გაემართნენ.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში სამი კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები