საია 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს

07-05-2024 15:33:54 სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნონა ქურდოვანიძე ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე და განმარტავს, რომ ევროსასამართლოს ადამიანის უფლებების მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და დანარჩენ მუხლებზე მსჯელობა გადადო, რადგან ამ ეტაპზე გამოძიების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.

"სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. მიუთითა ისიც, რომ 4 წლისა და 6 თვის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სახელმწიფოს სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ევროსასამართლოს ადამიანის უფლებების მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და დანარჩენ მუხლებზე მსჯელობა გადადო იმ დროისთვის, როდესაც გამოძიება ეფექტიანად ჩატარდება, ანუ, ეს არ შეაფასა ამ ეტაპზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის", - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

რა თქვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.

სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.

გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს რამდენიმე განმცხადებლის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა:

"კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს შემდეგი თანხები უნდა გადაუხადოს:

  • 15 000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დაეკისროს ამ თანხას, ბ-ნ ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;
  • 5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ–ნ ცაავას, ბ-ნ კმუზოვს, ბ-ნ სვანაძეს, ქ–ნ ბაღაშვილს, ქ–ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნ ხოზრევანიძეს, ბ-ნ კოშკაძეს, ბ-ნ მურადოვს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ქ-ნ აბაშიძეს, ბ-ნ დიასამიძეს, ბ-ნ შეყილაძეს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ გიორგაძეს, ბ-ნ შარვაშიძეს, ბ-ნ დიდბერაშვილს და ბ-ნ ბერიკაშვილს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;
  • 1,800 ევრო (ათას რვაასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ-ნ ხვადაგიანს და ბ-ნ ჩიკვილაძეს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება".
  • მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებით ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის – მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეულის წარმომადგენელის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით.

დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავდა.

ცნობისთვის: 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები