ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

07-05-2024 15:06:26 სამართალი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ორგანიზაციის ცნობით, "მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს".

"ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ლაზარე გრიგორიადისს და მისი ოჯახის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას და ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს "ქართული ოცნების" ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს. ორგანიზაციის იურისტი სამოქალაქო აქტივისტის დაცვას ახორციელებდა როგორც გამოძიების მიმდინარეობისას ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები