მედია: ნეიტრალურმა ევროპულმა ქვეყნებმა NATO–ს მჭიდრო თანამშრომლობა სთხოვეს რუსული აგრესიის გამო

08-05-2024 00:12:57 მსოფლიო

ავსტრიამ, ირლანდიამ, შვეიცარიამ და მალტამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისადმი ერთობლივ წერილში გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სურვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების გაუარესების ფონზე. ამის შესახებ ავსტრიული გაზეთი Die Presse წერილზე დაყრდნობით იუწყება.

Die Presse-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, ოთხმა ნეიტრალურმა ევროპულმა სახელმწიფომ, რომლებიც ზოგჯერ გაერთიანებულნი არიან როგორც WEP4 (დასავლეთ ევროპის პარტნიორები), გაუგზავნეს ორგვერდიანი წერილი ალიანსს, სადაც აცხადებდნენ ნატოსთან ურთიერთობების გაფართოების სურვილს.

წერილში აღნიშნულია, რომ ევროპაში უსაფრთხოების ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა და რჩება არასტაბილური, ამიტომ WEP4 - რომელიც უკვე "ნატოს უახლოესი პარტნიორია" - სურს გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა ალიანსთან, რაც "სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს".

ოთხი ქვეყნის დიპლომატებმა ასევე გამოთქვეს საკუთარი წინადადებები ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად, როგორიცაა დამატებითი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ან „ალიანსის დოკუმენტებსა და დაზვერვის მონაცემებზე პრივილეგირებული წვდომა“.

Die Presse-სთვის მიცემულ კომენტარში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფაქტიურად დაადასტურა წერილის ავთენტურობა და აღნიშნა, რომ WEP4 ინიციატივა გეოპოლიტიკური ცვლილებებით არის განპირობებული.

მაშინ, როცა შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და შეუერთდნენ ნატოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, WEP4 ქვეყნებმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგნენ. მიუხედავად ამისა, მაგალითად, შვეიცარიის მთავრობამ არაერთხელ გამოაცხადა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების განზრახვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები