ოფიციალური თბილისი ლიბიაში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2018-02-13 18:38:22
215

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა.

ამის შესახენ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისვე ცნობით, საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა დაკავებულებს ქ. ტაჟურას დამანის ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა. კაიროში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საადვოკატო კომპანიამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯების (ქირურგიული ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი) უზრუნველყოფაზე.

”საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან, რათა მოხდეს დაკავებულთა ჰუმანიტარული პირობების უზრუნველყოფა, საკონსულო და სამართლებრივი დაცვა.  როგორც ცნობილია, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.