ელისაშვილი: არავინ დაუკავებიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს

08-05-2024 17:07:40 პოლიტიკა ,სამართალი

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან მისი ცემის ფაქტზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და არც თავად უცნიათ დაზარალებულად. საქმე ეხება, 17 აპრილის ძალადობის ეპიზოდს.

მისი თქმით, თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ამ დრომდე “ყურს არ იბერტყავენ”.

“არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს ეს მოძალადე პოლიციელები; არც ბრალი წარუდგენიათ ვინმესთვის, წარმოგიდგენიათ?! მეტიც – დაზარალებულადაც კი არ მცნეს! ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ მეც და ჩვეულებრივი ქართველი ვარ, მაგრამ, ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით მიცავს იმუნიტეტი – ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს, წესით. ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა ბანალურ და მარტივ ძალადობას ადგილი და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც უდღეური ორგანიზაცია – საგამოძიებო სამსახური.

სინამდვილეში რა არის ეს? საქმის ჩაფარცხვაც არაა, ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ სამარცხვინო, მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ასევე: „გულმოდგინედ რომ მიუდგნენ,18–წლიანი ემუქრებათ“: "დახუჭავს" თვალს სისტემა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები