თურქეთი იარაღს გერმანიის ნაცვლად რუსეთისგან ყიდულობს: ველოდეთ თუ არა რეგიონში ახალ ალიანსს?

2017-09-12 19:53:30
749

ინტერვიუ ანალიტიკოსთან სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძესთან

- ბატონო ამირან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან С-400-ის შეძენის შესახებ შეთანხმება შედგა. ამასთან, ბერლინმა ანკარისთვის იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებების უმეტესობა შეაჩერა. თურქეთი - ნატოს წევრი სახელმწიფო - რუსეთისგან იარაღს ყიდულობს. ეს – იმ ფონზე, რომ ნატო - რუსეთს, რუსეთი კი ნატოს საფრთხედ ასახელებს. რაზე მიგვანიშნებს ეს ყველაფერი?

- უპირველესად, მინდა, ვთქვა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოვლენათა მთელი კასკადი ვიხილეთ, პროცესები საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როდესაც «ცხელი» განცხადებები კეთდება. არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას იმას, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, ამ შემთხვევაში - თურქეთში.

პროცესი, რომელზეც მკითხეთ, გაგრელებაა იმისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში, თურქეთი კი ხელწამოსაკრავი სახელმწიფო არ არის. თურქეთში მიმდინარე პროცესები ორ ნაწილად უნდა გავყოთ: სამხედრო გადატრიალების მცდელობამდელ და შემდგომ პერიოდად. გადატრიალების მცდელობამდე იყო თურქეთის მიერ რუსული „სუ 24“–ის ჩამოგდება და ურთიერთობის შემდგომი დაძაბვა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა თურქეთს მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია 30 წუთით ადრე მიაწოდა, რითაც იხსნა ერდოღანი და სიტუაციაც კარდინალურად შეიცვალა. ამით ბევრი რამ აგრძნობინა პუტინმა ერდოღანს: იგი ფლობდა იმ ინფორმაციას, რომელიც არ ჰქონდა თავად თურქეთის ლიდერს და არც სხვა რომელიმე სახელწმიფოს (ხოლო თუ რომელიმე ფლობდა, თურქეთს არ მიაწოდა). და თუ ამ ტიპის ინფორმაციაზე მიგიწვდება ხელი, შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც გაქვს, სხვა სახის საფრთხე შეუქმნა კონკრეტულ სახელმწიფოს და მის ლიდერს. გავითვალისწინოთ ერდოღანის ტიპაჟიც. „სუ 24“–ის გამო მის მიერ ბოდიშის მოხდა, მოსკოვში რამდენჯერმე ჩასვლა, დაღუპული მფრინავის ოჯახთან შეხვედრა და ა.შ... - ეს მარტივი არ იქნებოდა. 20 წელია, ამ პოლიტიკოსის მოღვაწეობასვადევნებთ თვალს და მისი მხრიდან მსგავსი ქმედება არ გვინახავს. პირიქით, მას დაძაბული ურთიერთობები აქვს დასავლეთის ლიდერებთან –  გვახსოვს, როდესაც არჩევნების წინ ნიდერლანდებში არ ჩაუშვეს თურქეთის პრემიერ–მინისტრი, დაიძაბა ურთიერთობები გერმანიასთან, როდესაც მომლოცველებთან არ შეახვედრეს და ა.შ. ამასთან, ეს ყველაფერი უნდა დავუკავშიროთ სირიას, სადაც დღეს ე.წ. სირიაში ისლამური სახელმწიფოს ბოლო საყრდენის დეირ-ეზ-ზორის გათავისუფლება რუსეთის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა ქურთული მოძრაობის ირვლივ მიმდინარე პროცესებს. ქურთული მოძრაობის გაძლიერებას თურქეთი არაუბრალო გამოწვევად, არამედ საფრთხედ აღიქვამს. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც კი ქურთებმა ცალკე სახელმწიფო რომ შექმნან, ამას პროცესების გაგრძელება თურქეთშიც მოჰყვება. ეს ახალი ამბავი არ არის. ქურთულ მოძრაობას საბჭოთა კავშირიც იყენებდა თურქეთის წინააღმდეგ, ახლა კი ამას აშშ აკეთებს. ამერიკის აღნიშნული მხარდაჭერა შესაძლოა, მართლაც უკავშირდებოდეს ახლო აღმოსავლთში მიმდინარე პროცესებსაც, მაგრამ თურქეთის მხრიდან ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება. როგორც უკვე აღვნიშნე, პროცესები დინამიურად ვითარდება.

როგორც ადრე ვისაუბრეთ, თურქეთმა და რუსეთმა მოახერხეს წინააღმდეგობების დაძლევა და, როგორც მინიმუმ, რეგიონში საერთო ინტერესების შეთანხმება, მოახერხეს ემბაროგოების ომის არა მხოლოდ შეწყვეტა, არამედ ორმხრივი სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობებისთვის ახალი ბიძგის მიცემა.

რაც შეეხება შეიარაღების შესყიდვას, «C 400”–ის დასავლური ანალოგების შეძენასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. განიხილებოდა ფრანგული და ა.შ. კონტრაქტები. ერდოღანმა მანამდეც გააკეთა განცხადება, თითქოს კონტრაქტთან დაკავშირებით რუსეთთან უკვე შეთანხმდა, თუმცა ამის შემდეგ ისევ გააქტიურდა დასავლური საზენიტო კომპლექსების შეძენის საკითხი. ვნახოთ, ამჯერად როგორ გაგრძელდება პროცესები. შესაძლოა, საკითხი ისევ გააქტიურდეს, შესაძლოა, ეს იყოს ევროპასთან გარკვეული ვაჭრობის თემაც. ეს ხომ მინიშნებაა, ისევე, როგორც ის, რაც თქვენს კითხვაში აღნიშნეთ: თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ამავდროულად მრავალმილიარდიან კონტრაქტს აფორმებს რუსეთთან. თუ სწორად მახსოვს, 2,5 მილიარდი დოლარი ჯდება ეს კონტრაქტი. სხვათა შორის, ეს უფრო იაფია, ვიდრე დასავლური ანალოგები და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ერთია თანხა და მეორე – რა შედის მოცულობაში: რამდენი გამშვები დანადგარია, რამდენი რაკეტა, როგორი ხელშეკრულებაა მომსახურეობასთან დაკავშირებით, რამდენწლიანი გარანტიაა და ა.შ. ძალიან ბევრი დეტალია, რომელსაც კონტრაქტი შეიცავს და აქედან გამომდინარე დგება ღირებულება. როგორც მახსოვს თურქეთს მოთხოვნა ჰქონდა, რომ C-400-ის კომპლექსის გარკვეული ნაწილი თურქეთში დამზადდეს. თურქეთი თვითონაც აწარმოებს საზენიტო კომპლექსებს. საქართველოც განიხილავდა თურქული სისტემების შესყიდვას და ერთ-ერთ ჩვენს მინისტრს ვურჩიე თავი შეეკავებინა, რადგან ეს არ იქნებოდა საუკეთესო არჩევანი. მოკლედ, თურქეთი არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვების სისტემის შეძენას, არამედ მისი ტექნოლოგიების თავისთან დანერგვასაც ცდილობს.

- ბუნებრივია, მაგრამ აქ ხომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარეც. ხომ არ გვაძლევს ეს ვითარება საფუძველს, ვიფიქროთ, რომ რეგიონში ახალი ალიანსი და გეოპოლიტიკური რეალობა იქმნება?

- რეალობა იცვლება როგორც ახლო, ისე შორეულ აღმოსავლეთში, ზოგადად მსოფლიოში ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს და, როგორც თავშივე აღვნიშნე, ჩვენც მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ საგარეო პოლიტიკაში.

ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე და მაშინაც ვთქვი, რომ უახლოეს პერიოდში თურქეთის ნატოდან გამოსვლას გამოვრიცხავ. 2–3 წელში ნატოდან თურქეთის გამოსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ, ვერც იმისა, რომ აქ ახალი ალიანსი შეიკრას. აი, შემდეგ რა იქნება, იმდენად დინამიური პროცესებია, რომ ამას ვერავინ განჭვრეტს. თითქოს ყველაფერი პროგნოზირებადია, აგერ, გაერომ რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ამის საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე დღეში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რა მოხდება, არავინ იცის.

თავად იარაღის თემა სერიოზულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფო შეისყიდის იარაღს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნატოს წესდებასთან მოდის წინააღმდეგობაში. უამრავ სახელმწიფოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი რაოდენობით საბჭოთა ტექნიკა. მათ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ იყენებენ, მათ შორის - საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსაც. ეს ამ სახელმწიფოებს ნატოს წევრობაში ხელს არ უშლის.

- თურქეთ–რუსეთის დაახლოებას საქართველოში მუდმივად აღიქვამენ საფრთხედ. რამდენად გვაქვს ახლა შეშფოთების საფუძველი?

- კი არ უნდა ვშფოთდეთ, თურქეთთან ნორმალური ურთიერთობების გაგრძელება უნდა შევძლოთ. ხოლო იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო,  ყოველთვის ვსაუბრობდი. როგორ შედგება იგი, რა ფომატში, ვინ ვის შეხვდება, ვისი ჩართულობით, - ეს დეტალებია და სხვა თემაა. სულ ახლახანს, პუტინის ჩინეთში ვიზიტის დროს რუსეთ–იაპონიას შორის 50–მდე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ანალოგიურად შარშანაც. იაპონია რუსეთში ძალიან სერიოზულ პროექტებს ახორციელებს. ბევრი ამბობს, რომ ეს სხვა რეალობაა, იაპონია ძლიერია და ასე შემდეგო. სწორედაც რომ ძლიერია და დიალოგს აწარმოებს. გასაგებია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, რუსეთთან ომში და პრობლემებში ვართ, ცხელია ეს ნაკვალევი და ნაბიჯებიც რთული გადასადგმელია, მით უფრო, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა საგარეო პოლიტიკისა და ოკუპაციის თემის შიდა პოლიტიკური ბრძლის დღის წესრიგიდან გატანას ვერ ახერხებს. გუშინ რამდენიმე ბალტიისპირელმა პოლიტიკოსმა პირდაპირი ტექსტით გვითხრა: „სახლს გარეთ თქვენ უნდა იყოთ ერთიანები, შიგნით კი ებრძოლეთ ერთმანეთსო“. დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. საერთაშორისო არენაზე ყველა საკითხში ერთიანები უნდა ვიყოთ, ქვეყნის შიგნით კი ვიდავოთ კორუფციაზე, სოციალურ პრობლემებზე და ა.შ. უამრავი თემაა. უნდა შევიმუშავოთ დეოკუპაციის და საგარეო პოლიტიკის განხორციელების მოკლევადიანი და გრძლვადიანი სტრატეგია. სტრატეგიები, რომლებიც უკვე  შემუშავებულია, გადასახედია და სერიოზული დოკუმენტებია ჩამოსაყალიბებელი. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ და ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ, რადგან ოკუპაციისა და საგარეო თემებით სპეკულირება მარტივია. ამით კი რუსეთი ძალიან კარგად სარგებლობს და, სხვათა შორის, უკრაინაშიც ანალოგიურად ხდება.

- უკრაინას კიდევ სხვა პრობლემები აქვს, შიდა რყენები...თქვენ რუსეთთან დიალოგი ახსენეთ, ფორმატი გვაქვს, მაგრამ შედეგები?

- ეს არ არის დიალოგი, ეს უბრალოდ დიპლომატიური არხებია. სულ სხვაა სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები და დიალოგის ფართო ფორმატი, რომლის დროსაც, გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია, დეოკუპაციის თემა გარკვეული დროით გვერდზე გადაიდოს, დაიწყოს ურთიერთობების დალაგება, რომელმაც, თავის მხრივ, დეოკუპაციამდე უნდა მიგვიყვანოს. არავინ ამბობს, რომ ეს მარტივია, პირიქით – რთულია, მაგრამ დასაწყებია. რა თქმა უნდა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე წარმატება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, არაფერი შეიცვლება. ვიმეორებ, დიალოგი როგორც მინიმუმ მშვიდობის შენარჩუნებას, ახალი კონფრონტაციის თავიდან აცილებას და დროის მოგებას, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს, მისი ეკონომიკის და უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებას ემსახურება.

- არსებულ რეალობაში ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ისევე, როგორც ნატოს წევრი თურქეთი ახერხებს «C 400»–ის ყიდვას. ვკითხოთ ერდოღანს, რატომ აკეთებს ამას? სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, უამრავი გამოწვევა და საფრთხე აქვს, როგორც შიგნით, ისე გარეთ – ვხედავთ რეგიონში რაც ხდება. არ ვამბობ, ახლავე ავიღოთ ყურმილი და პუტინს დავურეკოთ. უბრალოდ სალაპარაკოა. ამ საკითხებზე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საექსპერტო საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს

ახლახანს სომხურ მედიაში აჟიოტაჟი ატყდა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა რაღაც დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ალიანსი იკვრება ირან–სომხეთ–რუსეთის კოალიციის წინააღმდეგო. საქართველო არავის წინააღმდეგ არაფერს ქმნის და მისი პოლიტიკა არცერთი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული. ამავე დროს, კარგია, რომ თურქეთთან მიმართებაში ასეთი აქტიური პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ასეც უნდა გაგრძელდეს. იგივე დონის აქტივობები რუსეთთან რა თქმა უნდა ვერ გვექნება. უბრალოდ ვამბობ, რომ გამოსაცოცხლებელია პროცესები. მე ვგულიხმობ აქტიურ დიპლომატიას და არა დათმობებს. თუმცა, კითხვას სწორად სვამთ, დღევანდელ რეალობაში ეს ალბათ შეუძლებელია. თურქეთით რომ დავასრულოთ, როგორც ინფორმაციები ვრცელდება, თურქეთმა C-400-ის კონტრაქტის თანახმად უკვე ავანსის გადარიცხვა განახორციელა.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“