კუმისის ტერიტორიაზე, 200 ჰექტარზე არაბული დასახლება აშენდება

2017-06-16 13:59:06
599

კუმისის ტერიტორიაზე არაბული დასახლების მშენებლობა იგეგმება. ეს ინფორმაცია გარდაბნის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ჭელიძემ დაადასტურა:

ვადასტურებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მართლაც არის გათვალისწინებული არაბული დასახლების მშენებლობა. მოსახლეობის აღელვებისაც გვესმის და მზად ვართ, კანონმდებლობის შესაბამისად ამ სიტუციიდან გამოსვლის გზები გამოვნახოთ” - აღნიშნა მან.

თავად სოფელ კუმისის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ 200-ჰექტრიან საძოვრებზე არაბული სოფლები უნდა აშენდეს.

მისივე ინფორმაციით, 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთები უკვე გაყიდულია დაახლოებით 80 არაბულ ოჯახზე და საკარმიდამო ნაკვეთებიც შემოღობილია. დანარჩენი პარალელურად ნაწილდება და იყიდება.

სოფლის მოსახლეობამ საძოვრებზე სასაზღვრო ბოძები თვითნებურად ახსნა. აქაურები ფიქრობენ, რომ სწრაფად მზარდი არაბული სოფელი მათ ლუკმასა და თავისთავადობას წაართმევს.

როგორც კუმისის მიწების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 200 ჰექტარი მიწა, რომელზეც ახლა საუდის არაბეთის მოქალაქეები­ სოფლის აშენებას აპირებენ, რამდენიმე ათეული წლის წინ სოფელ კუმისის ბეღელი იყო.

ამ ტერიტორიაზე მოყვანილი ქერით თუ ხორბლით ადგილობრივები სარგებლობდნენ. მოგვიანებით კუმისს სარწყავი წყალი შეუწყდა და ნათესებიც განადგურდა, სოფელი ძირითადად მესაქონლეობაზე გადავიდა და ამ ადგილებში აძოვებდა პირუტყვს. აქვე იყო კუმისის მებოცვრეობის ფერმაც, რომელიც მოგვიანებით, 2006 წელს ამ მიწასთან ერთად იყიდა შპს “კუმისი-21”-მა. კომპანია ქათამსა და კვერცხს აწარმოებდა, ერთხანს აქ მარცვლეულსაც თესავდა. მოსავლის აღების შემდეგ, ნამკალში პირუტყვს შესვლას არავინ უშლიდა. ამიტომაც ტერიტორიების გასხვისებას ხალხი არ გაუღიზიანებია. ადგილობრივები წუხილს მხოლოდ იმის გამო გამოთქვამენ, რომ ქართველ გლეხს იმდენი შემოსავალი არ გააჩნია, უცხოელს საკუთარი ქვეყნის მიწის ყიდვაში გაუწიოს კონკურენცია.

«მას შემდეგ შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ “კუმისი-21” არაბულ სოფელზე იყიდება. ერთ დღეს მწყემსმა ამ მდელოებზე­ ნახირი რომ მორეკა, აქ ჯერ კიდევ მდებარე შპს-დან ქალბატონი გამობრძანდა და მწყემსი გააფრთხილა: აქ აღარ მოხვიდე, არაბები სოფელს აშენებენ და თუ დაგინახეს, პოლიციას გამოუძახებენო.­ გაგიჟდა მწყემსი, «რა არაბული სოფელიო?!», მაგრამ ნაკვეთებზე სანიშნი ბოძები რომ დაინახა, გაოგნებული მობრუნდა სოფ­ელში. აქ თუ არაბული სოფელი გაშენდა,­ ბუნებრივია, მათ საკვები რესურსიც დასჭირდებათ და მიწის ყიდვას შეეცდებიან» - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, არჩილ მდივნიშვილი.

მისივე თქმით, თავდაპირველად ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უცხოელისთვის მიწების მიყიდვა აკრძალა, მერე, ღარიბაშვილის პრემიერობისას გადაწყვიტეს, რომ მიწა უცხოელებისთვის მხოლოდ სამთავრობო დადგენილებით მიეყიდათ.

«ეს მიწა შპს “კუმისმა” 2017 წლის თებერვალში მიჰყიდა პანკისელ ბაქარ ფერეულიძეს და არაბ ნასრედინ ალ-ფაიედს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს მიღებული. ნასრედინ ალ-ფაიედი უკვე ყიდის თავის წილს პატარა-პატარა საკარმიდამო ნაკვეთებად, რომელიც უკვე 80-მა არაბულმა ოჯახმა იყიდა. ამ უკვე გაყიდული ნაკვეთების საკადასტრო რუკაზე სოფელს ცენტრში­ სკოლისა თუ საავადმყოფოს ადგილები უკვე მონიშნული აქვს. თუ ასე გაგრძელდა, აქ დაახლოებით 1200 არაბული ოჯახი დასახლდება… ამას ჩვენს მეზობელ სოფელ თელეთში გოლფის კავკასიაში უდიდესი არაბული მოედნის მშენებლობაც მოსდევს. 2006 წელს შპს-ს ეს ნაკვეთები სახელმწიფოს სახნავ-სათესი მიწების სტატუსით მიჰყიდეს, სახნავ-სათეს მიწებზე კი მშენებლობების წამოწყება ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია. ჩვენ ჩვენს მიწებს არ დავთმობთ”, – აღნიშნა მდივნიშვილმა.

კუმისელმა ქალბატონებმა კი სოფლის სხვა სატკივარიც მოაყოლეს:

«კუმისის ქედზე ბურღი კი დაჰკრეს, მაგრამ ისე იარა ჩვენმა მტერმა, როგორც წყალმა ამ მილებში: სულ ერთი კვირა მოდიოდა, მერე გვითხრეს, ბურღი გაფუჭდა და წყალი აღარ იქნებაო. ისევ მივადექით მარილიან ჭებს, მაგრამ ამ ჭების წყლით მხოლოდ ვრეცხავთ, სასმელი წყალი ქალაქიდან ჩამოაქვთ ჩვენს შვილებს.
აბა, შეხედე ამ პატარა ბიჭსა, აბიბინებულ კარტოფ­ილის ნათესში რომ დგას, აი, ემაგისთანა ბალღებთან ვიქნებით დამნაშავე, თუ მაგ ხალხს აქ სოფელი გავაშენებინეთ…».

წყარო:http://www.kvirispalitra.ge/public/35224-