„კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ – დემონსტრანტების პროტესტი გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში გრძელდება

08-05-2024 20:37:38 საზოგადოება

დემონსტრანტები აქციებს სახელწოდებით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში კვლავ მართავენ.

ზუგდიდის ცენტრში შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. მომიტინგეები მორიგ აქციაზე მივიდნენ პლაკატებით, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით. აქციაზე გამოფენილი იყო საინფორმაციო ბანერები ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მიერ საერთაშორისო გრანტებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები გორშიც გრძელდება. გმირთა მემორიალთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ "ხელისუფლება საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, მაშინ როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი ევროპაა".

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები ამჯერად პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში".

დემონსტრანტებს შეუერთდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა.

აქციების მონაწილეები ხელისუფლებას "აგენტების კანონის" უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები