”კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა, ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის…”

2017-10-12 18:15:03
383

”კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,

ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის…

და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,

შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი…

ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,

წვიმა არა, ეს მარიტას ცრემლებია…

დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,

და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან…

არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,

და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან…

ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,

სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია…”

ეს ლექსი მამა პეტრე კოლხმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაწერა.

ქავჟარაძე 57 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ საღამოს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

აღნიშნულთან და მომდარის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით მსახიობის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა: ”ბოლო პერიდოში ძალიან კარგად იყო და საკუთარი ვარკვლავის გახსნას ელოდებოდა. რადგან კიბეებზე ასვლის დროს სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ანევრიზმა ან თრომბი შეიძლება ყოფილიყო. ზუსტ მიზეზს ექპერტიზა დაადგენს.”

გარდაცვლილი ქავჟარაძე პირველად სწორედ ფალავანდიშვილმა და მისმა შვილმა ნახეს. ექსპერტების თქმით, მაშინ მსახიობი უკვე დაახლოებით ხუთი საათის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. ლიკა საკუთარ ოთახში იწვა და საბანი ეფარა. თვითმხილველების განცხადებით, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა მსახიობის კოლეგა და მეგობარმა ზაზა კოლელიშვილმა. ის ამბობს, რომ ქავჟარაძეს ბოლოს წუხელ ესაუბრა. საუბრისას ლიკამ უთხრა, რომ გული აწუხებდა. კოლელიშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, მომხდარი გულის შეტევით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ”მარიტას” სადარბაზო უცნობმა თაყვანისმცემელმა ვარდებით შეამკო.

ლიკა ქავჟარაძემ 30 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნების განსხვავებულ სფეროში, მხატვრობაშიც დაიწყო მოღვაწეობა. 19 ოქტომბერს ის პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავდა, სადაც მსახიობის შექმნილი ფერწერული ნამუშევრები უნდა გამოფენილიყო. ღონისძიება, რომელსაც ”რეიკარნაცია” დაარქვეს, ”არტ გალერეა ვაკეში” მომხდარის მიუხედავად, ავტორის გარეშე გაიმართება.

ქავჟარაძე უახლოეს მომავალი საკუთარი ვარსკვლავის გახსნას ელოდებოდა.

კინომსახიობი ცნობილი თენგიზ აბულაძის ფილმში ”ნატვრის ხე” მარიტას გენიალური სახის შექმნით გახდა. მას ეკუთვნის კინოში გასახიერებული ოცდაათამდე როლი, მათ შორის ფილმებში –  „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და…“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975),  „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ.

http://artnews.ge/?p=8645