ესპანეთი უკრაინას "პატრიოტის" რაკეტებს გადასცემს - მედია

26-04-2024 15:57:40 მსოფლიო

ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას "პატრიოტის" კომპლექსისთვის, წერს El Pais სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

შეტყობინების მიხედვით, ესპანეთმა გამორიცხა "პატრიოტის" საზენიტო გამშვებების მიწოდება, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებით მოამარაგებს.

ეს იქნება მცირე პარტია, რადგან ესპანეთის სამხედრო რეზერვი დაახლოებით 50 ერთეულია, ხოლო გამანეიტრალებლები ძალიან ძვირი ღირს, – აღნიშნავს გამოცემა.

მანამდე იმის შესახებ, რომ საბერძნეთი უკრაინას არ მიაწვდის თავის პატრიოტებსა და S-300 სისტემებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა Iefimerida-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ისინი "კრიტიკულად მნიშვნელოვანია" თავად ათენისთვის, – თქვა კირიაკოს მიცოტაკისმა.

19 აპრილს, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის კიდევ შვიდი "პატრიოტი" ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სრულად დახურვისთვის საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა, თითოეულში 6-8 ბატარეა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 აპრილს განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებს შეუძლიათ, უკრაინას შვიდი "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ, რომელთაგან ერთ-ერთს გერმანია გასცემს. მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ "პატრიოტის" სისტემები, რომლებიც, მისი თქმით, უნდა გამოიყვანონ ყაზარმებიდან, სადაც ყოველი შემთხვევისთვის ინახავენ და უკრაინაში გაგზავნონ, სადაც "ომი მძვინვარებს.”

ახალი ამბები

სხვა სიახლეები