ცქიტიშვილი: რუსული თამაშია, საქართველოს ევროკავშირის მაგივრად ევრაზიის კავშირისკენ მიაქანებენ!

25-04-2024 17:03:09 პოლიტიკა ,კომენტარი

ცქიტიშვილი: რუსული თამაშია და საქართველოს ევროკავშირის მაგივრად ევრაზიის კავშირისკენ მიაქანებენ!ძალიან მძიმეა საყურებლად, თუ სადამდე მივიდა მმართველი ძალა, რომელმაც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონოდა,– ამბობს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი, მათ შორის, „აგენტების კანონის“ კვლავ ინიიცირებით განვითარებული პროცესების შეფასებისას.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირთა მკაფიო პოზიციონირების შემდეგ, 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია ფართო მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმების მოწოდებებს და ასევე, მოწოდებას, არ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან გაწევრიანებაზე „აგენტების კანონის“ პირობებში. რეზოლუცია არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ ტრანსლირებს განწყობებს და ასევე, როგორც ექსპერტები მიუთითებენ, დროთა განმავლობაში აისახება კიდეც გადაწყვეტილებებში.

„სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით არათუ ევროპულ სტანდარტებს სცილდება, არამედ იმ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ მთავრობას თავად აქვს მიღებული – კონსტიტუცია, რომელიც უმრავლესობით იქნა მიღებული, საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც საქართველოს განსაზღვრული აქვს, როგორც თავისი სტრატეგიული მიზნები, ამოცანები უსაფრთხოების მიმართულებით. ამ მიმართულებაზე დღევანდელი მმართველი ძალა ამბობს უარს, სცილდება და მის საპირისპიროდ მოქმედებს, რაც ცალსახად (თავი დავანებოთ ევროპულს) სახელმწიფოს ინტერესების საზიანო მოქმედებაა და ამაზე არათუ მიგვითითებენ, მკაფიოდ გვეუბნებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები“,– წუხს ცქიტიშვილი.

ის ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ 25 აპრილის რეზოლუციას ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ძირითადი შემადგენლობა უჭერს მხარს და ეს პათოსი სწორედ რომ ევროპული პათოსია:

„პირადადაც წინა კვირაში ვიყავი ბრიუსელში, მქონდა გარკვეული შეხვედრები და ეს არის განწყობა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გაჩნდა. არადა რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ლიდერი ამ პროცესის და დღეს სრულიად გაუგებარია, ასეთი შესაძლებლობების პირობებში რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება, რომ თუნდაც თავისი პოლიტიკური მემკვიდრეობა უკვდავყოს საქართველოს ისტორიაში. პირიქით, ნეგატიურ გმირებად უნდათ, წარმოჩინდნენ ისტორიაში, რადგან ამას სხვა დასასრული არ ექნება!“.

ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ „უკვე სახიფათო პროცესში ვართ, საქართველო, ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით ზიანდება!“.

„ვიმეორებ, ერთია, რომ ჩვენ იმ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ და უკან მივდივართ, რასაც გვიწესებდა ევროკავშირი (გაწევრიანების წინაპირობად ან თუნდაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში), აქ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიგვყავს ქვეყანა. ეს სახელმწიფო ინტერესი რომელიმე ცალკეული პარტიის გადაწყვეტილი ხომ არ არის?! ეს ხომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გაწერილია სახელმწიფო დოკუმენტებში?! თუნდაც ამჟამინდელი მთავრობის პროგრამაში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზეა საუბარი!“,– ამბობს ცქიტიშვილი და იქვე დასძენს, რომ უკვე ლაპარაკია სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაზე, ქვეყანამ ზიანი მიიღო, რაც უფრო გვიან გამოვა ამ სავალალო პროცესიდან, უფრო მეტად დაზიანდება სახელმწიფო.

ის "ნონსენსს" უწოდებს მმართველი გუნდის მიერ კონტრაქციის ორგანიზებას „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად, რომელზეც, როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს, მრავლად არიან ხოლმე წარმოდგენილნი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები. ის იხსენებს, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თავადაც აღმოჩნდა მსგავს ღონისძიებაზე, როგორც ერთი რიგითი საჯარო მოხელე:

„არაფრის მომცემი არ არის, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში ამწვავებს ურთიერთობას. მაგრამ დაპირისპირება უფრო მწვავეა პოლისტიკურ სეპექტრში, ვიდრე საზოგადოებაში. საბედნიეროდ, საზოგადოება ისეთი პოლარიზებული არ არის, როგორც ეს მთავრობას უნდა, წარმოაჩინოს“.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ ინტენსიურად გამოყენებად პროპაგანდისტულ ნარატივებს, ის ხაზს რუსულ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს კარგად დაგეგმილი ნარატივია. სხვათა შორის, წინა პარლამენტში, მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში [დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო კომიტეტში შექმნილი ჯგუფი] მომზადდა დასკვნა, რომ რუსეთის მთელი ნარატივი არის ლიბერალიზმისგან „მტრის ხატის“ შექმნა, ყალბი პატრიოტული ნარატივების წამოწევა – არა იმის თქმა, რომ რუსეთი კარგია (ამას რუსეთშიც ვერ ამბობენ), ურაპატრიოტიზმის გამოყენება დასავლეთის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ იგივე ნარატივს ვიმეორებთ. მეორეს მხრივ, რუსეთთან აქვთ თუ არა პირდაპირი კონტაქტები [საქართველოს ხელისუფლებას], აღარ აქვს მნიშვნელობა პროცესი იმდენად ჰგავს რუსეთში გავლილს. შესაბამისად, საფუძვლიან ეჭვზე უფრო მეტი გვიჩნდება იმის შესახებ, რომ ეს რუსული კანონია, რუსული თამაშია და საქართველოს ევროკავშირის მაგივრად ევრაზიის კავშირისკენ მიაქანებენ!“.

მან ზახი გაუსვა, რომ ხელისუფლება ძალაუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნებას ცდილობს და მისი საფასურის გადახდა სწორედ საზოგადოებას მოუწევს, თუ ამას შეეგუება:

„არც რუსეთის ხელმძღვანელობას სურს თავისი შვილები რუსეთში და ასევე საქართველოშიც – უვარგისი გარემოეა თავისი ცხოვრების წესით, არსით და მდგომარეობით, ამიტომაც, არავის უნდა ის, უბრალოდ, საუბარია ძალადუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნებაზე და სამწუხაროდ, ამ ფასს საზოგადოება გადაიხდის, თუ ჩვენ ამას შევეგუებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები