პრემიერი: თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ

26-04-2024 15:08:59 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აგენტების შესახებ" "კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება, დასჭირდეს 2-3 დღე". მისი თქმით, "საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს".

„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება. 29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება, დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები