"ოცნების" წევრი თელავის საკრებულოში: ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას

26-04-2024 15:35:51 პოლიტიკა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი ამბობს, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, "თუ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს".

"ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონპროექტი გაითხოვეთ უკან. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს რაც ევროპას უკავშირდება. [...] ამიტომ მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკანა არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას", – განაცხადა მან საკრებულოს სხდომაზე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები