ოკუპანტის მავთულხლართი - უკვე სამეგრელოშიც: „რუსეთი ჩვენს ნაბიჯებს არაადეკვატურად პასუხობს“

2017-08-11 20:44:00
744

ვიდრე ზოგიერთი ჟურნალისტი (http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=178&id=11092), ასევე მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი (http://accent.com.ge/ge/news/details/37689, http://www.tabula.ge/ge/verbatim/101440) და მათ კვალდაკვალ ქართული საზოგადოების ნაწილი ტერმინ „მცოცავ ოკუპაციას" ებრძვიან, მავთულხლართები შიდა ქართლის შემდეგ უკვე სამეგრელოს რეგიონში გაჩნდა.  ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს.

 რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს ბოძებზე, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაამონტაჟეს. ამ რამდენიმეთვიანი პაუზის გამო ადგილობრივებს გაუჩნდათ იმედი, რომ ოკუპანტებმა მიწის მითვისება გადაიფიქრეს, თუმცა გუშინ იმედები გაუცრუვდათ, აღმოაჩინეს რა, რომ მათი სასოფლო–სამეურნეო მიწები და შესაბამისად, მათზე მოყვანილი მოსავალიც, რომლის აღებასაც სექტემბერში გეგმავდნენ, უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.მეპატრონეები ამ მიწებს ვეღარ უახლოვდებიან: შიშობენ, სოხუმის იზოლატორში არ ამოყონ თავი.

„ხურჩას 2 ჰექტრამდე მიწა წაარვეს, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობდნენ. გარკვეული პერიოდის  განმავლობაში პროცესი შეჩერებული იყო. ხურჩელებს ისიც კი ეგონათ, იქნებ გადაიფიქრესო და რუსებთან კონტაქტზე გასვლაც კი უნდოდათ. მაგრამ გუშინ შემატყობინეს, რომ ბოძებზე მავთულხლართებია გაბმული“,– განუცხადა ჟურნალისტებს ხურჩის გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი ხუჯგურუამ.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა:

„ვადასტურებთ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში“. 

საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ტყაიაშიც. ადგილობრივების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში უკვე რუსი სამხედროები პატრულირებენ, ამიტომ მოსახლეობა კუთვნილ საყანე ფართობებში ვეღარ შედის:

„დაახლოებით 200 მეტრზე არიან შემოსულები. ეს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ორი–სამი დღეა, ვეღარ შედიან ადგილობრივები, რადგან ეშინიათ, ხედავენ, რომ მეორე მხარეს მოძრაობაა. არადა აქამდე თავისუფლად გადადიოდნენ, რადგან იმათ [ოკუპანტებს] დღემდე აქეთ ფეხი არ შემოუდგამთ“,–  განუცხადა  ჟურნალისტებს წალენჯიხის რაიონის სოფელ ტყაიას გამგებელმა ედუარდ კეკუტიამ.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს პროვოკაციად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:  

„ის, რასაც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში ვუპირისპირდებით, არის განგრძობადი ოკუპაცია, რეგულარული პროვოკაციები: მავთულხლართების გავლება, ბანერების აღმართვა, მცდელობა, დაიჩეხოს სქართველოს ტერიტორია, ასევე უკანონო დაკავებები... ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით - ძალიან პრინციპულად, მწყობრად, მტკიცედ, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანა – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - არ იქნება მიღწეული“.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კი მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ "რუსეთი საქართველოს ნაბიჯებს არაადეკვატურად პასუხობს":

„სამწუხაროდ, რუსეთი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აბსოლუტურად არაადეკვატურად პასუხობს. ეს არაადეკვატურობა გამოიხატება იმაში, რომ მისი მოქმედება სცდება საერთაშორისო ნორმებს. ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთი ვაიძულოთ, მშვიდობიანი გზით მოახდინოს დეოკუპაცია“.

მომხდარი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ:  

„არაერთგზის გვითქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ ასევე იმ „შეთანხმებებს“, რომელიც მან ბოლო პერიოდში ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებთან გააფორმა და რომელიც პირდაპირ ადასტურებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის ფაქტს. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამას მოწმობს გუშინწინ [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც ცალსახად აღინიშნა, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. მინდა, ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება“.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებით კი, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს:

„აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, "სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე საერთაშორისო წესრიგს“.

ამდენი განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას სწორად ან/და საკმარისად ყველა როდი მიიჩნევს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე «ხელისუფლების წევრთა მიერ რუსული პროპაგანდის ნარატივის გამეორების» შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ძალიან სახიფათოა რუსული პროპაგანდის ზოგიერთი გამოვლინების საქართველოს მთავრობის წევრთა მიერ გამეორება. მაგალითად, შოკისმომგვრელი იყო განცხადება, თითქოს მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს (http://accent.com.ge/ge/news/details/37689, http://www.tabula.ge/ge/verbatim/101440). ჯერ ერთი, ეს სიცრუე და სისულელეა, რადგან არ შეიძლება, საქართველოს შიდა ადმინისტრაციული დაყოფა უცხო ქვეყნის აგრესიისთვის რაიმე სახის გამართლებად იქცეს; მეორეც - ეს გარკვეულწილად რუსული პროპაგანდის ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ტოტალიტარულ ქვეყნებს ახასიათებთ საკუთარი აგრესიის მსხვერპლისთვის გადაბრალება“.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატთა კლუბის წევრი გიორგი ბადრიძე მმართველ გუნდს «პასუხისმგებლობის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალების მცდელობებს» უწუნებს და თვლის, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანოა:

„რუსეთმა სრულიად არაშორსმჭვრეტელურად აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები: ამით მან საქართველოზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები დაკარგა და ახლა ერთადერი, რაც შეუძლია, საოკუპაციო ხაზის გადაწევ–გადმოწევაა. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა კვლავინდებურად საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაა. შესაბამისად, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ამოცანაც და ამას ძალიან უშლის ხელს პოლიტიკური კინკლაობა, კერძოდ, ხელისუფლების მცდელობა, თავისი პასუხისმგებლობა გადააბრალოს წინა ხელისუფლებას. ეს ყველა ხელისუფლებას ეხება. ჩვენ უნდა გავერკვიოთ ერთ რამეში: თუ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, როგორც ერთიანი ერი, რომელსაც აქვს ეროვნული ამოცანა – შედგეს, როგორც სახელმწიფო. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვუშვებთ ბავშვურ შეცდომებს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ 25-წლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა“.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ოფიციალურმა თბილისმა საოკუპაციო ხაზებთან პოლიტიკა უნდა გაამკაცროს:

„თუ თავად ჩვენ არაფერი გავაკეთეთ, მხოლოდ ამერიკის განცხადებები ვერ გვიშველის. ვგულისხმობ უპირველესად საოკუპაციო ხაზს. თუ იქ რაღაცნაირად არ გამკაცრდა ჩვენი პოლიტიკა, მარტო ამერიკა ვერ გვიშველის. ჩვენც უნდა მივეხმაროთ საკუთარ თავს. ეს არის ჩვენთვის უმთავრესი მტკივნეული პრობლემა. რაღაცნაირად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შეჩერდეს ეს პროცესი [მცოცავი ანექსია]. ამ კუთხით მინიმუმ, იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ მთავრობამ ხელი კი არ უნდა შეუშალოს, პირიქით, ჩუმად მაინც ხელი შეუწყოს იქ ჩვენი აქტივისტების ყოფნას, რომ ადგილზე არ იყოს ვაკუუმი, რომ ამ ვაკუუმში რუსები და ოსი სეპარატისტები სურვილისამებრ არ დადიოდნენ და წევდნენ საოკუპაციო ხაზს. ვაკუუმი არ უნდა იყოს, პირიქით, მათ დისკომფორტი უნდა შევუქმნათ. ამასთან, იქ მუდმივად უნდა იყოს რომელიმე უცხოური ტელეარხის კამერა და ფიქსირდებოდეს, რა ხდება: რომ ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს ოკუპაციას, რომ რუსები ყოველ წამს შეიძლება, მოვიდნენ და გადმოსწიონ საოკუპაციო ხაზი. მესამე, რისი გაკეთებაც შეიძლება, უფრო რთულია და ამას წინა მთავრობა უფრო ეფექტურად აკეთებდა: ჩვენმა სპეცსამსახურებმა არავის არაფერი უნდა შეარჩინონ. როდესაც მსგავსი სიტუაცია გაქვს, რომ მტერს ღიად ვერ ვეომებით, არსებობს სპეცსამსახური და თუ მოწინააღმდეგე რამეს ბედავს, ეს ცხვირში სწორედ სპეცსამსახურის მეშვეობით უნდა ამოვადინოთ. რატომ არის, რომ დღეს ოთხოზორიას მკვლელი ბედავს და თავისუფლად დადის? - იმიტომ, რომ შურისძიების პრაქტიკა, რომელიც ადრე გვქონდა, აღარ არსებობს. ასე აკეთებს, მაგალითად, ისრაელის სპეცსამსახური: თუ ვინმე შეეხება ებრაელს, მას მსოფლიოს მასშტაბით დასდევენ. ასევე უნდა მუშაობდნენ ჩვენი სპეცსამსახურებიც. მაშინ ასე მარტივად ვეღარ იპარპაშებენ. ვიღაც გადმოვა, მოქალაქეს მოკლავს, ვიღაცას მოიტაცებენ, გადმოსწევენ საოკუპაციო ხაზს... ეს ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს, ჩვენების უნდა ეშინოდეთ. დღეს ფაქტია, რომ არ ეშინიათ“.

თავდაცვის ექს-მინისტრთინა ხიდაშელი კი საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო აქტიური მუშაობისა და იმ მხარდაჭერის მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც “პრაქტიკულ დახმარებაშიც გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში”. ამ კონტექსტში ხიდაშელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კუთხით გასატარებელ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ე.წ. საზღვრის ყოველი გადმოწევა ნიშნავს, რომ მცოცავი ანექსია მიმდინარეობს. ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და რის გამოც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობაც ფეხზე უნდა დავაყენოთ. ამისათვის კი ძალიან კონკრეტული მექანიზმები არსებობს. მოგეხსენებათ, [ევროკავშირის სადამკვირვებლო] მისია ცნობილი მიზეზების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შედის. ასეთ პირობებში ეფექტური მონიტორინგისთვის მას შესაბამისი ტექიკური აღჭურვილობა სჭირდება, რომელიც სადღეისოდ არ გააჩნია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის კომიტეტში ვიყავი და შემდეგ მინისტრი, ვითხოვდი, მისიისთვის მანდატის გაგრძელების დროს ემსჯელათ იმაზე, რომ იგი აღეჭურვათ დრონებით, ყველა სხვა ტექნიკური საშუალებით იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე 24-საათიანი ეფექტური მონიტორინგის შესაძლებლობა მისცემოდა. ჩვენ კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, მაგალითად, საფრენი აპარატების ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი საუბარი უფრო დამაჯერებელი იყოს, ამის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ადამიანების მიერ დადასტურება გვჭირდება. თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მისიის მანდატი გაფართოვდეს და ტექნიკური საშუალებებით მიეცეს შესაძლებლობა, ყველა მსგავსი კანონდარღვევა აღრიცხოს".

ამასთანავე, ექს-მინისტრის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია ერთ–ერთი მთავარი შემადგენელია დღეს საერთაშორისო სასამართლოებში არსებული საქმეების და ქართულ მხარეს შეუძლია, ეს დამატებით მტკიცებულებად გამოიყენოს, ისევე, როგორც ახალი წარმოების დასაწყებად.

"ეს, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ პარტნიორების მხრიდან ქმედითი ზომების შემოტანა გვჭირდება, რათა რუსეთმა გაიგოს, რომ საქართველო–ნატოს, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობა პოლიტიკური განცხადებების საზღვრებს სცდება და ისინი მზად არიან, გვერდში უფრო ქმედითად დაგვიდგნენ“,– განმარტავს თინა ხიდაშელი.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით