"დღეს უკვე ღიად შეგვიძლია, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე დავიწყოთ საუბარი"

2018-07-11 15:30:08
514

 

უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ​ოკუპაციის პირობებში საქართველო როგორ უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამაზე საუბრის დღეიდან დაწყება დროული იქნება,– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველ ჟურნალისტებს ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სტუმრობისას განუცხადა.    

მისი თქმით, საქართველომ აქცენტი არა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, არამედ წევრობაზე უნდა გააკეთოს და დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევაც ამ მიმართულებით მიმართოს: 

"ახლა ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, ვიზრუნოთ სამოქმედო გეგმის მიღებაზე. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს. დღეს უკვე ღიად შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებთან ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე დავიწყოთ საუბარი (ყველა სტანდარტს და სხვა არსებულ მექანიზმებს უკვე ვფლობთ) და პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავიყვანოთ ალიანსი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და ამაზე არის პასუხი: წარსულში არის გამოცდილება – გერმანიის პრეცედენტი. საქართველოსაც ეს გზა აქვს გასავლელი და ჩვენი საგარეო პოლიტიკური ძალიან დიდი ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

პროექტებიდან ჩვენ უნდა დავინახოთ სარგებელი, მაგრამ ეს ვერ გახდება ვერც ალტერნატივა, ვერც შემცვლელი იმ მთავარი უსაფრთხოების მექანიზმის, რომელსაც ნატო იძლევა, როდესაც ხდები ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენ ფოკუსი არ უნდა გაგვეფანტოს და პირდაპირ იმაზე ვიზრუნოთ, ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი და ამაზე საუბრის დღეიდან დაწყება დროული იქნება",– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.