ფინეთი NATO–ს შავი ზღვის მისიას პირველად შეუერთდება

26-04-2024 21:14:43 მსოფლიო

ფინეთი F/A-18 მოიერიშე თვითმფრინავების რაზმს პირველად განათავსებს რუმინეთში 2024 წლის ზაფხულში, როგორც შავი ზღვის საჰაერო სივრცის პატრულირების ალიანსის მისიის ნაწილს. ეს ჰელსინკის პირველი წვლილი იქნება ამ მისიაში. ამის შესახებ ფინეთის საჰაერო ძალებში 26 აპრილს განაცხადეს.

ნატოს მისიის "საჰაერო ფარის" ფარგლებში, ფინური თვითმფრინავები 2024 წლის 3 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში განლაგდებიან მიხაილ კოგელნიცეანუს საავიაციო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, ქალაქ კონსტანტასთან.

შეტყობინების მიხედვით, რვა ფინური F/A-18 და 100-მდე ჯარისკაციანი ეკიპაჟი რიგრიგობით განახორციელებს საჰაერო სივრცის პატრულირებს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების Typhoon თვითმფრინავებთან ერთად.

გარდა ამისა, რუმინეთში ფინეთის ქვედანაყოფი განახორციელებს სასწავლო ფრენებს F/A-18 საფრენოსნო მომზადების პროგრამის შესაბამისად და მონაწილეობას მიიღებს ალიანსის წვრთნებში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ნატომ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ოთხი თურქული F-16 საბრძოლო თვითმფრინავი განლაგდა რუმინეთის ბორჩეას ავიაბაზაზე, რათა მონაწილეობა მიეღო ნატოს მისიაში სამხრეთ რუმინეთის საჰაერო სივრცის პატრულირების მიზნით.

თურქული F-16-ები, როგორც ნატოს მისიის ნაწილი, მოქმედებდნენ გერმანულ Eurofighters-თან ერთად, რომლებიც რუმინეთში ჩავიდნენ 2023 წლის ნოემბრის ბოლოს. ასევე ფრანგული MAMBA სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა კაპუ მიდიის ბაზაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები