დე-ფაქტო აფხაზეთი: "NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გააქტიურება შეშფოთებას იწვევს"

2017-10-12 16:39:30
170

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება შეშფოთებას იწვევს:

"აფხაზეთის რესპუბლიკაში კარგად ახსოვთ 2008 წლის სამიტის ოთხი თვის თავზე როგორ წამოიწყო საქართველომ სისხლიანი ომი სამხრეთ ოსეთთან. რომ არა NATO-ში შესვლის საქართველოს მანიაკალური სურვილი და პარტნიორების მხრიდან ამის წახალისება, შეიძლება, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა".

მათივე თქმით, NATO ვერ აცნობიერებს, რომ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების წახალისებით, ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში აგრესიისა და მოუთმენლობის ზრდას უწყობს ხელს.

დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ "აფხაზეთის რესპუბლიკის" აღიარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გვარდება, მათ შორის, სამხედრო სფეროში:

"სამხედრო სფეროში მიღწეული შეთანხმებები მიმართულია იმისკენ, რათა აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეს არაფრით მოქმედებს საქართველოზე".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას საქართველო და მისი "მეგობრები დასავლეთიდან პროპაგანდისტული ისტერიის მანკიერ გზას" მიყვებიან. მათივე თქმით, ასეთ ქმედებებს პროდუქტიული შედეგი არ ექნება:

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რათა მსგავსი დოკუმენტების მიღებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს".

NATO-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ბუქარესტში ჩატარდა. ასამბლეაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების რეზოლუცია მიიღეს. ასამბლეის წევრებმა ევროატლანტიკურ ინტგერაციაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს.