ზუგდიდის ყოფილი მერი საქართველოში დაბრუნდა: "ყველაფერს გეტყვით"

2018-09-14 19:53:39
163

 

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: "ორშაბათს გეტყვით ყველაფერს."

ლაშა გოგიამ აეროპორტის ტერიტორია უკვე დატოვა. 

ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს,– ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. 
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმარველობის არჩვენებში აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. გოგია „ქართული ოცნების“ წევრია. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ მან ქსელში არაფერი დაწერა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.      http://accent.com.ge/ge/news/details/59420