შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას დედა თამარი უცხადებს: "თქვენთან ერთად ვაპირებ შიმშილობას და სიკვდილს"

2018-09-14 13:34:31
728

 

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება. მას სასულიერო პირიც შეუერთდა. ჯვრის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობას იწყებს. 

„თუკი თქვენი შიმშილობა შეიძლება, თუკი თქვენი სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება, ჩემი სიკვდილი? ამიტომ გიცხადებთ თანადგომას, თანაგრძნობას და დიახ, მეც თქვენთან ერთად, სასულიერო პირი ვაცხადებ რომ არ მომხდარა უპრეცედენტო შემთხვევას, თქვენთან ერთად ვაპირებ მეც შიმშილობას და თქვენთან ერთად სიკვდილს. ძალიან დიდი უკანონობაა ეკლესიებშიც, არ იფიქროთ, რომ იქ სასიამოვნო ამბებია. 5 თეა, ლიფტი გაფუჭებული მაქვს, ჩემი გადაადგილება არ შეიძლება ლიფტის გარეშე და გამოკეტილ კარებში მე მათი პატიმარი ვარ. არ დაგწყდეთ ხალხო გული, არც იქ არ არის კარგი სიტუაცია. მოკვდიო, შემომითვალა ერთ-ერთმა მეუფემ,“- მიმართა შვილმოკლულ მამებს დედა თამარმა.  

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს: 

„ჩვენ ჩვენს შვილებს ვეღარ გავაცოცხლებთ, მაგრამ ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ იმ ჭეშმარიტებას და სანამ ჩვენი შვილები სახელი არ აღდგება ისე, როგორიც იყო სიცოცხლეში“. 

ანალოგიური პოზიცია აქვს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს: 

„ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს, მოვლენ თუ არ მოვლენ, ჩვენ ვიბრძვით მათი და მათი შვილებისთვის. მე და ზაზამ დასაკარგი უკვე დავკარგეთ. დამნაშავეების დასჯისთვის ვიბრძვით, სანამ ცოცხლები ვიქნებით. მაგის იმედი მაქვს, რომ არცერთს არ შერჩება მათი სისხლი".

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე "ნუ მომკლავ!" აქცია მიმდინარე კვირის დასაწყისში განახლდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. აქციის პირველ დღეს მოხდა ინციდენტი – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცა. ინციდენტისას ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების აკრძალვის მიუხედავად აქციაზე დაბრუნდა და შიმშილობას განაგრძობს.