ინციდენტი პანკისში: ვინ ამღვრევს წყალს ხეობაში

2018-06-15 16:30:42
1077

 

პანკისის ხეობაში დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული http://accent.com.ge/ge/news/details/54612.როგორც ადგილობრივები გვიამბობენ, დუისში ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერთა აქტიურობას მოჰყვა, რაც მოქალაქეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გვიამბობენ იმასაც, რომ აღნიშნული პირები ადგილობრივებთან კონფლიქტში შესვლას მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რაც პროვოკაციად იქნა აღქმული. საბოლოოდ ინციდენტი გართულებების გარეშე ამოიწურა, თუმცა ფაქტი საყურადღებოდ რამდენიმე დეტალის გამო მივიჩნიეთ: კადიროვისა და ზოგადად რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისადმი ადგილობრივების დამოკიდებულება სიურპრიზი არავისთვისაა და ადგილობრივთა შესაძლოა რეაქცის პროგნოზირებაც სირთულეს არ წარმოადგენს; აქტი შედგა დემონსტრაციულად, ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ადგილობრივები რამადანის დღესასწაულს ზეიმობდნენ; ამასთან, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პანკისელები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან. ამდენად, საინტერესოა, ყოველივე აღნიშნული კავშირშია თუ არა ერთმანეთთან; ეს იყო გულწრფელი დამოკიდებულების დემონსტრირება, თუ მიზანმიმართული ქმედება და რას ემსახურებოდა იგი?    

ამ საკითხებზე და ინციდენტის დეტალებზე აქცენტს“ პანკისის ხეობიდან კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ესაუბრა.


ალეკო კვახაძე: ხალხი ზეიმობდა ბაირამობის დღესასწაულს. როგორც წესი, ზეიმი დუისის ცენტრში ეწყობა და ამ ზეიმის დროს გამოჩნდა მანქანა, რომელზეც კადიროვის დროშა იყო დამაგრებული და წარწერები „Рамзан - сила!" და ა.შ. ამ აქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია: დაულეწეს დროშები და ადგილიდან. მათ სავარაუდოდ, ხეობაც დატოვეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. თავად სპეცრაზმი ხეობაში აღარ შემოსულა –სოფელ მატაანამდე მოვიდნენ, იქ ელოდნენ მოვლენათა განვითარებას და სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, უკან გაბრუნდნენ. სულ ეს იყო.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა აღნიშნულ დემონსტრაციაში?

რამდენიმე. ძირითადად წარმოშობით პანკისელები, რომლებიც უკვე წლებია ჩეჩნეთში ცხოვრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, აქ ჩამოდიან ხოლმე.

ალეკო, რამზან კადიროვის პოლიტიკის მიმართ პანკისის ხეობის მკვიდრების ნეგატიური დამოკიდებულება ცნობილია. მაღალი ალბათობით, ამის და მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ ხსენებული დემონსტრაციული ქმედების ავტორებიც უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი. მაშ რას ემსახურებოდა თქვენი დაკვირვებით ეს აქტი?  

რამზან კადიროვმა ევროპაში ჩეჩნურ დიასპორებში, იორდანიასა და თურქეთში ჩამოაყალიბა საკმაოდ მძლავრი ქსელი მისი მომხრეების, ლობისტური ბიზნესჯგუფების. მას სურს, რომ ყველგან, სადაც ჩეჩნები არიან წარმოდგენილები, გავლენა ჰქონდეს. მსოფლიოში ერთადერთი წერტილი, სადაც ჩეჩნები ცხოვრობენ, მაგრამ კადიროვს ზეგავლენა არ აქვს, პანკისის ხეობაა. მან გავლენის გავრცელება ვერ შეძლო და ეს უნდა მივიჩნიოთ  პირველი ნაბიჯების მცდელობად. მან მოსინჯა სიტუაცია.

ის ფაქტი, რომ კადიროვს გავლენა არ აქვს, ადგილობრივების დამსახურებად უნდა შეფასდეს თუ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად?

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მკაცრად იყო აღკვეთილი კადიროვის ხალხის მოქმედებები. შედეგად, კადიროვს ხეობაში რამდენიმე ადამიანის გარდა დასაყრდენი არ ჰყავს და ისინიც უკვე წლებია ჩეჩნეთში ცხოვროვენ.

ჩვენი წყაროები პანკისის ხეობიდან გვიამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ კადიროვის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ადამიანებმა განსაკუთრებული აქტიურობა დაიწყეს – გააჩაღეს პროპაგანდისტული ომი. მართალია, ჯერ ფარულად, მაგრამ არის მოლოდინი, რომ ფარულ მოქმედებებს არ დასჯერდებიან...

ნუ დაგვავიწყდება, რომ გროზნოს მერი მუსლიმ ხუჩიევი საქართველოში მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ჩემი ინფორმაციით, კადიროვის ხელისუფლებას ჩვენი ხელისუფლების მიმართ შეთავაზება აქვს: პანკისის ხეობის კონტროლს ჩვენს თავზე ავიღებთ, სანაცვლოდ კი საქართველო არ მიიღებს პრობლემას, სირიაში ხალხის გადინებას და ა.შ. თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ წინადადებას დასთანხმდა, ბუნებრივია, კატასტროფა იქნება.

სუვერენულ სახელმწიფოში ამ გზავნილის რეალობად ქცევა როგორაა შესაძლებელი?

რბილ ძალაზეა საუბარი. მაგალითად, ადგილობრივ იმამებს გროზნოში გადაამზადებენ; ჩეჩნეთში იქნება საგანმანათლებლო პროგრამა – ჩეჩნეთის უნივერსიტეტში პანკისელ ახალგაზრდებს კვოტებს მისცემენ; ხეობაში პროცესების მართვას ჩეჩნეთთან კოორდინირებით ვინმე იქიდან მოვლენილი შეუდგება და ა.შ. დაახლოებით მსგავსი სურათის შექმნა სურს კადიროვს. თავად ადგილობრივები კი ხეობის ცხოვრებაში კადიროვის რაიმე ფორმით ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ალეკო, სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის, ადგილობრივები საჯარო აქტიურობის გამო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ამბობდა, მითვალთვალებენო, ჩემს წარსულში იქექებიანო და ა.შ. დღევანდელი ინციდენტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ? უნდა აღინიშნოს, რომ რაც მაჩალიკაშვილის საქმემ აჩვენა, პანკისში მსგავსი მასშტაბური პროტესტი არ გვახსოვს...

არ მგონია, რომ კადიროვის ხალხის შემოყვანა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. ვფიქრობ, ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ძალოვანებმა ხელი არ შეუშალეს. და ეს საყურადღებოა. ანალოგიური სურვილები რომელიმე არაბს რომ ჰქონოდა, მას უბრალოდ არ შემოუშვებდნენ ხეობაში.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდამჭერ აქციებს, არის ახალი ცნობები? როგორც იყო დაანონსებული, რამადანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ იგეგმება...

მხოლოდ ის ვიცი, რაც ითქვა – ემზადებიან პროტესტისთვის.

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"