სოხუმის და ცხინვალის მორიგი აღიარება: რუსეთი ამიერკავკასიაზე ზეწოლას აძლიერებს

2018-05-29 16:09:54
861

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თავდაპირველად ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაავრცელა, შემდეგ კი იგივე სირიის მთავრობამაც დაადასტურა:

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

საპასუხოდ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიას რუსეთის მიერ მართული რეჟიმი უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა: 

„საქართველოს ისტორიული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ მართული სირიის რეჟიმის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება საერთაშორისო სამართლის პრინციპების კიდევ ერთი დარღვევის ფაქტია ასადის მხრიდან. „საერთაშორისო საზოგადოებამ  აღნიშნული ნაბიჯი უნდა დაგმოს“, – წერს მიხეილ ჯანელიძე „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

თავის მხრივ რუსეთი ირწმუნება, რომ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს, ამასთან იმუქრება, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია!"

„რუსეთი ამ პროცესში არ ჩარეულა. სირიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, რაც სირიისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, ეს დასაწყისია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა.

საქართველომ ოთხიოდ დღის წინ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავზე დასავლეთიდან სოლიდურ დელეგაციებს უმასპინძლა.  ქვეყანას 7 პრეზიდენტი და 20–მდე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ. თავისუფლების მოედანზე გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები. დღეს კი ცნობილი გახდა ზემოაღნიშნული აქტის შესახებ. არის თუ არა ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირში, აზიანებს თუ არა სირიის გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას და რა სარგებელს მიიღებენ თავად სეპარატისტული რეჟიმები, ამ საკითხებზე აქცენტი“  სპეციალისტებს ესაუბრა.   

სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინისადმი ბაშარ ალ ასადის პოლიტიკური საფასურია, თუმცა ეს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს:

„ბაშარ ალ ასადი ხელისუფლებას ჯერ კიდევ რუსეთის მხარდაჭერით ინარჩუნებს. მას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო უჭერს მხარს – რუსეთი, შესაძლოა ირანიც და ისიც არ მგონია, რომ ირანმა უშუალოდ ასადს აუბას მხარი. იგივე პოზიცია აქვს თურქეთს. აღარაფერს ვამბობ დასავლურ სახელმწიფოებზე. შესაბამისად, ასადი თავს ვალდებულად გრძნობს, პუტინის ნებისმიერი მსგავსი მოთხოვნა შეასრულოს. და ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ასადის შემდეგ ჩაუდგება სირიას სათავეში, ამ აღიარებას უკან წაიღებს.  

ამ განცხადებას აუცილებლად მოჰყვება დასავლური საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი შეფასება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააუარესებს დასავლეთის დამოკიდებულ;ებას ასადის რეჟიმის მიმართ. ასადი არ ელის, რომ ევროპასთან ან აშშ–სთან ოდესმე თბილი ურთიერთობები ექნება, ამიტომ, ასრულებს პუტინის მოთხოვნებს.  მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს მსოფლიოსთვის არაფერს ნიშნავს“.  

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას და საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული დასკვნების გაკეთებას არ გეგმავს.

ამასთან, ანალიტიკოსი არაღიარების კუთხით ცვლილებებს არ ელის:

„კიდევ ერთხელ დავინახეთ რუსეთის სახე – მის საგარეო პოლიტიკაში არაფერი იცვლება და ეს მოულოდნელი არც იყო. ვამბობდი, რომ პუტინი შეეცდება, მეოთხე ვადაში მაქსიმალურად მოახდინოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.  რუსეთი ცდილობს, ნაურუს მსგავს სახელმწიფოებს ასადის რეჟიმის მსგავსი სახელმწიფო მიუმატოს. ნორმალურ ლიდერებთან რუსეთს ეს პოლიტიკა არ გამოსდის. აღიარების პოლიტიკა ფაქტობრივად, ჩაშლილია. ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა კი საერთაშორისო არენაზე წარმატებით მიმდინარეობს. თუნდაც გავიხსენოთ აშშ–ის ბოლო გადაწყვეტილება – ჩანაწერი ბიუჯეტში, რომ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ყირიმს აღიარებენ, სანქციები გატარდება.

ამდენად, ამ მიმართულებით სერიოზულ გართულებას არ ველოდები. ბუნებრივია, ცუდია – 2–3 სახელმწიფო იყო და მათ ერთი დაემატა, თუმცა არაფერი შეიცვლება. თავად ცხინვალს და სოხუმს ეს აღიარება აძლევს იგივეს, რაც მისცა ნაურუს, ვენესუელას, ნიკარაგუას აღიარებამ. ეს სახელმწიფოები მსოფლიოში სერიოზულად არ აღიქმებიან. ჩვენ 50 მილიონი რომ გადავუხადოთ, და შესაძლოა, ამდენიც არ დაჯდეს, უკან წაიღებენ თავიანთ აღიარებას“

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ თორნიკე შარაშენიძსთვის სირიის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ფაქტორებად სირიაზე რუსეთის გავლენას და თავად სირიაში აფხაზურ დიასპორას ასახელებს:

„ჩვენთვის გაცილებით მტკივნეული იყო ვენესუელის აღიარება, რომელიც წლების წინ მოხდა. სირიის გადაწყვეტილებამ რა უნდა შეცვალოს? მას არავინ ემეგობრება. ასადის რეჟიმთან თითქმის ყველას გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.   ამდენად, მართალია დღეს გაწვიმდა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს“  

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ელის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისგება სირიას ტერიტორიული მთლიანობისთვე მოუწებს:    

„რუსეთი ღიად ამბობს, რომ „ყველანაირად შევეცდები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ სხვა ქვეყნებმაც აღიარონ და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ფაქტს შეეგუოსო“. ამდენად, რუსეთის ქმედებაში ახალი არაფერია. თავად სირიის აღიარება, რომლის ხელისუფლებაც ნახევრად ლეგიტიმურია და რუსეთის მახრაჭერით დგას, საკუთარ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არაფერს ნიშნავს. ალბათ, ეს მოსალოდნელი ნაბიჯიც იყო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ სირია აქამდე თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილებისგან, რადგან თავადაც აქვს სეპარატისტული პრობლემები. მაგალითად, ქურთების გამოყოფა. ანუ, თუ აფხაზეთის გამოყოფა ლეგიტიმურად ითვლება, რატომ არ შეიძლება, ქურთებმა თავიანთი სახელმწიფო შექმნან  სირიაში? როგორც წესი, სახელმწიფოები, რომელთაც სეპარატისტული პრობლემა აქვთ, მსგავს გადაწყვეტილებას არ იღებენ, მათ შორის რუსეთის ახლო მეგობარი სახელმწიფოები. აი, სირიამ კი ეს ნაბიჯი გადადგა. როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან ზეწოლა დიდი იყო და საბოლოო ჯამში, ალბათ ბუმერანგივით მოუტრიალდება უკან. შეიძლება, მალე ჩვენ  ვიხილოთ ქურთული სახელმწიფოს გამოცხადება  სირიის ტერიტორიაზე“.

ამერიკელი ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი სირიის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დადებით შედეგებს არ უწინასწარმეტყველებს:  

„სირიას მკვლელი რეჟიმი მართავს, რომელიც რუსეთისგან ძალიან დიდ დახმარებას იღებს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რუსეთმა შეძლო, დაერწმუნებინა სირია, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა. სირიის მსგავსი ქვეყნის მიერ ამ რეგიონების აღიარება დადებითად არ აისახება თავად ამ რეგიონებზე, ვინაიდან მრავალი წლის შემდეგ სირია იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა".

ამასთან, ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას დადებითად აფასებს:

„საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი სამუშაო გასწია და ეს ნამდვილად თვალსაჩინოა“.  

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და რუსეთი აღიარებენ. მათ სირიაც შეუერთდა.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“