სირიის კრიზისი და საქართველო: თბილისში პირველი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა

2018-04-13 19:42:58
3754

გვსურს, სირიაში მშვიდობისაკენ გადაიდგას ნაბიჯები. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს წილ რისკებზეც ვფიქრობთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდასცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სირიის კრიზისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: 

"როგორც ვხედავთ, რუსეთი სირიაში თავისი ე.წ. მშვიდობის დამყარებას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. ამიტომ, მე მივესალმები შეერთებული შტატების, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომ რუსეთი როგორღაც მოექცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებში და ის მინიმალური წესები დაიცვას, რაც პირველ რიგში, უზრუნველყოფს მშვიდობას, უსაფრთხოებას და ადამიანების სიცოცხლის დაცულობას. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, სირიაში მშვიდობისაკენ გადაიდგას ნაბიჯები. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს წილ რისკებზეც ვფიქრობთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

მოგეხსენებათ, საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია. სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა ზრდის საქართველოს რისკებს,– ასე ფიქრობს საქართველოს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი

"ჩვენ ისეთ გეოგრაფიაში, ისეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, რომ რაკეტები ჩვენს თავზე იფრენენ. როდესაც შენს სამეზობლოში ომია, უამრავი რისკი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაინტერესებული მესამე მხარეების ხელისუფლებანი ყველა სცენარისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ",– განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე ზემოაღნიშნულ კრიზისში მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთის ჩართულობაში ხედავს:

"საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთია – საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გრძელდება. საჭიროა, რომ საქართველოს მდგრადობა იყოს გაძლიერებული, საჭიროა მწყობრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და მისი განხორციელების მწყობრი გეგმა",– აცხადებს სიხარულიძე. 

ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა რუსეთის იზოლაცია მოახდინა და საქართველოს სწორედ ახლა აქვს შანსი უსაფრთხო ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს:

"ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი, რას წარმოადგენს პუტინის რეჟიმი და ჩვენთვის ახლაა შანსი, გავხდეთ ნატოს წევრები და გაიმყაროს უსაფრთხოების გარანტიები",– აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ბარამიძე. 

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დომინანტური პოზიციის მოპოვების მიზნით ცნობილი სამეულის (ირანი–თურქეთი–რუსეთი)დაშლა მოინდომოს.

"ამ ვიტარებაში შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტი გააქტიურდეს და მაშინ საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება",– ფიქრობს არეშიძე.   

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის პროგნოზით, პირდაპირი დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ირიბი დაპირისპირების პირობებში აშშ-ის მხრიდან სარაკეტო დარტყმები გამორიცხული არ არის:

"არ მგონია, ის მოლოდინი გამართლდეს, რაც აწუხებს მთელ მსოფლიოს. ბევრი სვამს კითხვას, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? მე გამოვრიცხავ უშუალო დაპირისპირებას აშშ-სა და რუსეთს შორის, ან დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ აშშ იმოქმედებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ საპასუხოდ კი რუსეთი იმოქმედებს ასადის რეჟიმის ხელით. იურიდიულად იმოქმედებს ასადი, მაგრამ მათ უკან იქნება რუსეთი.

რაც შეეხება სარაკეტო იერიშის დაწყებას, ეფექტიანი მოქმედებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო დაჯგუფება არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აშშ-ს თუნდაც წუთების შემდეგ შეუძლია იერიში, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისად მომზადებული, არ იქნება საიმისო მასშტაბი, რომ ამ ოპერაციამ გარკვეულ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს, მაშინ იგი ვერ იქნება ეფექტიანი. ამიტომ თუ ტრამპის ადმინისტრაციაში ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ჩვენ უნდა დაველოდოთ სათანადო დაჯგუფების შექმნას, რასაც, ყველაზე მცირე, ერთიდან სამ კვირამდე დასჭირდება. შემდეგ უკვე საჭიროა ოპერაციის დაგეგმვა, შეთანხმება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ალბათ თვის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე სერიოზულ ამბებს არ უნდა ველოდოთ. ისე, წინა ოპერაციის მსგავსი შეიძლება ახლაც იყოს, მაგრამ არ ექნება არც მასშტაბი და არც ეფექტი."

ცნობისთვის: საქართველოს სირიას 1657 კილომეტრი აშორებს. 

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"