ყოველ მეოთხე ქართველს სხვა ქვეყანაში ცხოვრება სურს

2018-03-13 10:18:33
374

გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს უნდათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ქართველებისთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველი საზღვარგარეთის ქვეყნები გერმანია და აშშ-ია. 

4 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა უმეტესობას სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა არ სურს. კვლევაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. თითოეული გამოკითხული ქვეყნიდან 1200-მა ადამიანმა უპასუხა კითხვას, რამდენად გადავიდოდნენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. საკუთარი ქვეყნიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს სურთ (78%), შემდეგ მოდიან ქართველები (60%), ხოლო სომხების და რუსების თანაბარ რაოდენობას (47%) არ უნდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. 

გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადავიდოდნენ საცხოვრებლად, აზერბაიჯანელი რესპონდენტების უმეტესობა რუსეთს (4%) და თურქეთს (4%) ასახელებს სასურველ ქვეყნებად, სომხები რუსეთს (12%) და აშშ-ს (11%), ხოლო რუსები - გერმანიას (6%). ზოგადად, ქართველი ემიგრანტების რიცხვი ბოლო წლებში კლებას განიცდის. საქსტატის ბოლო სამი წლის (2014-2016 წწ.) მონაცემების მიხედვით, იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან, მაგრამ ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად. ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი რიცხვი რუსეთშია. თუმცა, ეს არ არის ქვეყანა, სადაც ქართველების უმეტესობას სურს საცხოვრებლად გადასვლა. როგორც „აიფიემის“ განხორციელებული კვლევის მონაცემები ცხადყოფს, იმ ქართველი რესპონდენტებიდან (24%), რომლებიც სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების შანსს გამოიყენებდნენ, მხოლოდ 3% გამოთქვამს რუსეთში ცხოვრების სურვილს. მაშინ, როცა ქართველების 5-5% აცხადებს, რომ მათთვის მუდმივად საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნები გერმანია და აშშ-ია.

კვლევის შედეგად გამოკვეთილ ამ ტენდენციას ემთხევევა სხვადასხვა წყაროს მონაცემებიც. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიხედვით, 2016 წელს თავშესაფრის მოპოვების თაობაზე ყველაზე მეტი განაცხადი (განაცხადებების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი) საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში იქნა შეტანილი (3,448). ასევე, UNHCR-ის მონაცემებით, გერმანიასა და აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა ბოლო ხუთი წლის (2012-2016 წწ.) მანძილზე საგრძნობლად გაზრდილია.

წყარო: http://www.bm.ge