რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ილუზია

2018-03-10 20:07:50
597

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ძირითადი საფუძველი საქართველოს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსია, რომელიც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკური ნორმალიზაცია მხოლოდ საქართველოს მიერ ამ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეწყვეტა კი რუსეთის, და არა საქართველოს, ეროვნული ინტერესების გატარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პატარა სახელმწიფოს მცდელობა მიეტმასნოს (bandwagon) საფრთხის წყაროს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი, თუმცა მცდარი, მიდგომაა. მიტმასნება სუვერენიტეტის სრულ დათმობას და მარიონეტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს. რუსეთის მიმართ საქართველოს არსებული საგარეო პოლიტიკა მეტწილად ე.წ. საფრთხის დაბალანსების (balancing) პოლიტიკას ემყარება. საფრთხის, ამ შემთხვევაში რუსეთის, დაბალანსება მხოლოდ ნატოს წევრობით ან/და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობით არის შესაძლებელი. შესაბამისად, აღნიშული საგარეო პოლიტიკური მიდგომის უგულებელყოფა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან მიტმასნების პოლიტიკის ნებისმიერი მცდელობის შემოტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.

არსებობს თუ არა მიტმასნებასა და დაბალანსებას შორის შესაძლო შუალედური პოლიტიკა?

სამწუხაროდ, არა. რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, ნეიტრალიტეტიც მიტმასნების პოლიტიკაა. საქართველომ პროაქტიულად უნდა იმუშაოს როგორც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ისევე საკუთარი უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

უნდა შედგეს თუ არა პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან? 

კონფლიქტის მოგვარების მიზნით ნებისმიერი დიალოგი უნდა შედგეს მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და ფასილიტაციით. რუსეთის მიერ ადმინისტრირებული ნებისმიერი დიალოგის იდეაც კი , გარდა იმისა რომ ეს დიალოგი თავისთავად არასანდოა, აძლიერებს რუსეთის ნარატივს, რომლის მიხედვითაც 2008 წლის ომი საქართველოს შეცდომა იყო და არა რუსეთის იმპერიული მიზნების გამოხატულება. პრაქტიკული თვალსაზრისით, პირდაპირი დიალოგი დე ფაქტო რეჟიმებს აძლევს ე.წ. agency- ის, რაც საზიანოა და რასაც ისინი მხოლოდ სათავისოდ გამოიყენებენ.

საქართველოს მხრიდან რუსეთთან შემრიგებლური ხასიათის ქმედებების ან განცხადებების არანაირი საჭიროება დღეს არ არსებობს. ეს შემრიგებული ნაბიჯები საქართველომ უკვე გადადგა 2012 წელს, როდესაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი შეიქმნა. გარდა ამისა, სადაც შესაძლებელი იყო საქართველომ თავი აარიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე შეერთებას და ხისტი რიტორიკის წარმოებას ( რომელიც თავისთავად არაფერს ცვლის). ამ ნაბიჯების შეფასება რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ‘შერიგების წილი’ რუსეთის ფედერაციაშია (ყოველთვის იქ იყო) და არა საქართველოში. საქართველოს შემრიგებლურ ნაბიჯებზე რუსეთის პასუხი კი ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს ორი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის, მკვლელობა იყო. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკებზე საქართველოს რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით რუსეთის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება – და არა დამატებითი შემრიგებლური ნაბიჯები – უნდა იყოს.

ამასთან ერთად, რუსეთის უკანასკნელი ქმედებები (ყირიმის ანექსია, ბორდერიზაციის პოლიტიკა საქართველოში) კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მისწრაფებას, რომ საერთაშორისო პოლიტიკა კვლავ გავლენის სფეროებით იმართებოდეს. შესაბამისად, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ლოგიკური დასასრული საქართველოს აღნიშნული გავლენის სფეროს ნაწილად ქცევაა. საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი საქართველო თანამედროვე რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ამ ყველაფერის გათვალისწინებით, საქართველომ:

  • რუსეთთან მიმართებით უნდა შეინარჩუნოს არსებული სტატუს კვო, თუმცა გააძლიეროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად დაყენება და არაღიარების პოლიტიკის წარმოება.
  • რუსეთისგან მომდინარე საფრთხის დაბალანსების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართული ინტენსიური ძალისხმევა. ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოების პარალელურად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ამერიკასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაც უნდა მოექცეს.
  • ომის წარმოების მეთოდების ცვლილებასთან ერთად, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ნათლად დაგვანახა, საჭიროა ტრადიციულ და არატრადიციულ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის რუსეთის რბილი ძალისა და  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ეფექტური რეაგირება.

ავტორი: ირაკლი სირბილაძე; სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა irsirbiladze.wordpress.com – ზე