სონერ გოგუას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

2018-02-13 11:08:30
489

აფხაზურ ფონდ “აფსნის” პრეზიდენტ სონერ გოგუას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

 

თავად გოგუა ამბობს, რომ “ღირსი იყო” და რომ რუსეთმა მას მოქალაქეობა სრულიად სამართლიანად ჩამოართვა.

მომხდარის მიზეზებს იგი ასე განმარტავს:

როდესაც 1992 წლის ომის დროს აფხაზეთში მის დასაცავად პირველი რეპატრიანტები ჩამოვედით, ბუნებრივია, თურქეთის პასპორტები გვქონდა. 1994 წელს, ომის შემდეგ, ჯერ საბჭოთა პასპორტები მოგვცეს, რადგან იმ წლებში აფხაზეთში სხვა პასპორტები უბრალოდ არ იყო. არანაირი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თურქეთთან არ გვაქვს, ამდენად რეპატრიანტების ძირითად ნაწილს პასპორტებში დაბადების ადგილად აფხაზეთი მიუთითეს. იმ პერიოდში არანაირი პრობლემები არ გვექმნებოდა. შემდეგ ამ საბჭოთა საზღვარგარეთის პასპორტით დავიწყეთ სიარული თურქეთში და სხვა ქვეყნებში. უკვე შემდგომში ამ პასპორტებით მივიღეთ რუსეთის მოქალაქეობა და საზღვარგარეთის პასპორტები და ამის წყალობით სამომავლოდაც შეგვეძლო მოგზაურობა. მე გახლდით აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი, მთელს მსოფლიოში დავდიოდი. არსად და არასოდეს ერთი სიტყვაც არ მითქვამს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. და ჩემთვის დიდი პატივი იყო რუსეთის მოქალაქეობა. დღეს აფხაზური სახელმწიფოს ინტერესია, თურქეთსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდეს. და ეს ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მიზანიცაა. თუმცა გასული ზაფხულის დასაწყისში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კრასნოდარის ბიუროს გადაეცა საქმე იმის შესახებ, რომ მე რუსეთის მოქალაქეობის კუთხით ყალბი საბუთები მქონდა. დიახ, ეს მართლაც ასეა. ამას არ ვმალავ. ჩვენ აფხაზეთში არ დავბადებულვართ, ჩემი დაბადების ადგილი თურქეთია. კრასნოდარის ბიურომ აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა და მათ ეს დაადასტურეს. შემდგომ პროკურატურამ საბუთები სოჭში გადაამისამართა. 2017 წლის 15 სექწტემბერს იყო სასამართლო და გადაწყდა, ჩემთვის რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. ამის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება 4 დეკემბერს მივიღე”.

როგორც გოგუა ამბობს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აქ “არაფერ შუაშია” და მას სოხუმთან პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ “როდესაც ეს უკვე რეპატრიანტების დიდ რაოდენობას შეეხება, ეს უკვე სოხუმის საქმეც გახდება. ამიტომაც აუცილებელია, დღეიდანვე დაიწყოს რაღაც მოლაპარაკებები, რაღაც ნაბიჯების გადადგმა”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გოგუასა და მის ფონდს, რომელიც, მათ შორის, თურქეთ-აფხაზეთის კავშირების განმტკიცებაზე მუშაობს და აქტიურად ლობირებ აფხაზეთის გავლით რუსეთ-თურქეთის დერეფნის გაჭრას, მიყოლებით რამდენიმე პრობლემა შეექმნა. კერძოდ, ცოტა ხნის წინ რუსი სამხედროების საზღვაო სწავლებამ აფხაზეთის სანაპიროზე თევზჭერას ხელი შეუშალა, რის გმოც სეინერებს ღამით მოუწიათ მუშაობა, ხოლო შემდეგ თევზით დატვირთული ორი სეინერი, რომელიც თურქეთში მიემართებოდა, ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ამჟამად სეინერები ფოთშია, მიდის სასამართლო და, როგორც გოგუა აცხადებს, მეწარმეებს უდიდესი ზარალი მიადგათ (http://accent.com.ge/ge/news/details/46884).

ქართველ მკითხველს სონერ გოგუა იმ სკანდალიდან ახსოვს, რომელშიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აღმოჩნდა გახვეული. საქმე ჩინეთში, ერთ-ერთ ფორუმზე გადაღებულ ერთობლივ ფოტოს ეხებოდა, რომელზეც საგანელიძეს სხვებთან ერთად სეპარატისტი გოგუაც ედგა გვერდში (http://accent.com.ge/ge/news/details/33986).