ლეგენდები ადგილებზე, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

2018-01-30 23:37:33
412

პაატა შამუგია, თბილისი

ხვამლის კვამლი

მე რომ სტივენ კინგი ვიყო, სწორედ ამ ადგილას მოვიდოდი, სივრცეებს საგულდაგულოდ დავათვალიერებდი და იქნება, ათობით მისტიკური რომანისთვის ერთდროულად გამჩენოდა შთაგონება. ჟიულ ვერნს კი გაუმრავლა მუზები, რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ხომ ხვამლის მთაზე წერს. იმასაც კი ამბობს, პრომეთე სწორედ აქ არის მიჯაჭვულიო. 
ხვამლი მართლაც ისეთია, პრომეთეზე ნაკლებს ვერც შეჰკადრებდი მასზე მიჯაჭვას. გარშემო სულ გამოქვაბულები, მღვიმეები და უცნაური ფუღუროებია, ძირითადად, შუასაუკუნეების პერიოდისა. საფრთხილო კია, მაგ ქვაბულებიდან ზოგიერთში შეიძლება დათვიც იყოს დაბუდებული, განსაკუთრებით, ზამთარში. 
მთავარი ციხე-ქვაბულია „ვერძისთავა“, რომელიც კლდის ძირიდან 50 მეტრშია გამოკვეთილი და მასში ქვემოდან ვერ შეაღწევ, გამორიცხულია. ცუდი ისაა, რომ ზემოდან შეღწევაც გამორიცხულია. რაც უნდა სპორტული აღნაგობა გქონდეს, ფიზიკურად ვერ მიუდგები. ერთადერთი შანსია, მწვერვალზე ახვიდე, მთამსვლელივით თოკი გადმოჰკიდო და დაუყვე. თუ გამოცდილი მთამსვლელი არ ხარ, გადარჩენის შანსი 90/10-ზეა. ათი პროცენტი, დამეთანხმებით, სულაც არაა ცოტა. მაგრამ სიკვდილისთვის მიცემული 90-პროცენტიანი ფორა ყველას აშინებს. ამიტომაც უშუალოდ ამ „ვერძისთავა“ ქვაბულში სულ სამად სამი ექსპედიციაა ნამყოფი, ისიც ნარჩევი და გამოცდილი ხალხი. სხვა ახლომდებარე გამოქვაბულებში კი უამრავი ხალხი დადის პერიოდულად, ეგენი ადვილი მისადგომებია.
„ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ ხვამლის მთაზე იყო განძის სამალავი. სულაც არაა გასაკვირი. ამაზე მიუვალ და დაფარულ ადგილს სხვაგან ვერც ნახავ და განძი კიდევ, აბა, შუაგზაზე რომ არ უნდა გამოჰფინო, ეგ ვინ არ იცის! გარდა მაგისა, როგორი ახლობელი ამბავია! ჩვენი ისტორია, საერთოდაც, ხომ განძით იწყება - ფარნავაზი რომ დიდძალ ოქრო-ვერცხლს გადააწყდება და სახელმწიფოს გაერთიანებას რომ გადაწყვეტს. სახელმწიფო ვერა, მაგრამ ხვამლის მთამ განძის მაძიებლები კი ნამდვილად გააერთიანა და წლების განმავლობაში მათ ხან რომელ კლდეზე ჩამოკიდებულს ნახავდით, ხან რომელზე - ერთბაშად გამდიდრების იდეა ვის არ მოხიბლავს. ჯერ არავის გამართლებია, თუმცა, ვინ იცის?! თქვენ რომ გეპოვნათ, რა, მოსდებდით ქვეყანას? არა მგონია. პირში წყალს ჩაიგუბებდით, სულ ორხიდიანი მანქანით გაზიდავდით მთელ მაგ ოქროულობას და მერე იქნებ ერთი ბიტკოინის ქარხანაც გაგეხსნათ სადმე გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. 
მე და ჩემს მეგობრებს განძის ძიების სურვილი არ გვქონია. უბრალოდ, ახალი ხიფათები გვინდოდა. ერთ დღესაც ლექტორმა გვითხრა ხვამლის შესახებ და მეორე დილით უკვე ვიცოდით, სად წავიდოდით. ბარგი შევკარით და სანამ ლეჩხუმისკენ დავიძრებოდით, კურსელებს ამბავი დავუტოვეთ, რომ ოთხივეს ფილტვის ანთება გვქონდა მძიმე ფორმებში და ერთი კვირა მაინც ვერ მოვიდოდით. კურსელებმა ჩვენს მწირ სამედიცინო ფანტაზიაზე ბევრი იხალისეს, მაგრამ მთავარია, ჩვენი ავადმყოფობის გულისმომკვლელი ამბავი ლექტორებამდე მისულიყო და „არა“ არ დაეწერათ. 
ლეჩხუმში როგორც კი შედიხარ, მთებს შორის იკარგები. მაგრამ მთავარი ვიზუალური ეფექტი უშუალოდ ხვამლის მთასთან მიახლოებისას იწყება. კლდის ერთიანი, უზარმაზარი მასა არის კილომეტრებზე გაწოლილი, გარშემო ნისლი და ტოტალური სიჩუმე, რომელსაც შორეული ჩანჩქერების ხმა და უცნაური ექოები არღვევს. ეს ხმები შეიძლება იყოს ცხოველების, ფრინველების ან სულაც მითოსური არსებების. ჰო, აქ რომ მოდიხარ, გჯერა ასეთი რამეეების. აბა, სტივენ კინგი ტყუილად კი არ ვახსენე, მაგასაც სჯერა მისტიკის. რამეს რომ წერ, უნდა გჯეროდეს კიდეც, თორემ უარყოფილმა ტექსტებმა შურისძიება იციან.
კლდესთან მისვლას რამდენიმე საათს მოვუნდით. ჯერ ერთი, არაყი გვქონდა წამოღებული და გასამხნევებლად გზადაგზა ცოტა ჩავურტყით, რამაც მხნეობა ნამდვილად შეგვმატა, მაგრამ მუხლები მოგვიდუნა, ცოტა არ იყოს. საბოლოოდ, კი მივუახლოვდით, მაგრამ უკვე დაღამებული იყო. ვარსკვლავებზეც უნდა ვთქვა. ცა ხომ ყველგან ცაა, გინდა ხვამლის მთაზე იყავი და გინდაც - გლდანის მასივში. არ ყოფილა ეგრე. ხვამლის მთიდან ვარსკვლავები გაცილებით ახლოსაა. ჰო, ეს ილუზიაა, ცხადია. ოპტიკური ილუზია. მაგრამ ძალიან რეალური ილუზია.
ოთხი დღის განმავლობაში არაერთი გამოქვაბული ვნახეთ, თუმცა, ის, მთავარი, კლდის შუაში მაცდუნებლად გამოკვეთილი, ვერ ვნახეთ. შორიდან ბუნდოვნად ჩანდა და ახლოს მისვლა კიდევ შეუძლებელი აღმოჩნდა. ისე, როგორ ადიოდნენ მანდ ძველ დროში, კაცმა არ იცის. ამბობენ, მაშინ იქ საიდუმლო მიწისქვეშა ბილიკები ყოფილა და ამიტომაც სულაც არ უჭირდათ ამ ქვაბულში მოხვედრაო. ლოგიკური ჩანს. თანაც, აქ რომ ნამდვილად დადიოდნენ და თან არც ისე იშვიათად, ამას თვითონ მღვიმის შიდა მხარეც ადასტურებს. ეგ უკვე თბილისში გავარკვიეთ, კაი ხნის მერე, ექსპედიციის ერთ-ერთ მონაწილე არქეოლოგს როცა გამოვკითხეთ დეტალები. აღმოჩნდა, რომ იმ „ვერძისთავა“ ქვაბულში ყველანაირი ინფრასტრუქტურა ყოფილა: ფანჯრები, ოთახები, მოპირკეთებული იატაკი, ჭერი და ა.შ. ოღონდ ყველაფერი ძველი დროის ნიშნით აღბეჭდილი. სულ რვა ოთახი ყოფილა, კედლებზე კი უცნაური ნახატები, რომელთაც ხან ასტროლოგიურ ნიშნებად მიიჩნევენ, ხან მასონურ კოდებად. ამ არქეოლოგისგან გავიგეთ, რომ პირველი ექსპედიცია საბჭოთა დროს დაურაზმავთ ამ ადგილის შესასწავლად. თვით სტალინი ყოფილა დაინტერესებული ამ ამბით. მასვე შეუდგენია ექსპედიციის ჯგუფი ალიოშა ჯაფარიძის თამადობით 1945 წელს. მაგას რა ენაღვლებოდა, ფაშიზმი უკვე დამაცხებული ჰყავდა და როგორც ჩანს, ახალი თავგადასავლისკენ გაუწია გულმა. უყვარდა მაგას თავგადასავლები, გეცოდინებათ. მაგრამ, როგორც ირკვევა, ვერაფერი უპოვნიათ. 
თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და, არც ხვამლის კვამლი იქნება უმიზეზო. დარწმუნებული ვარ, სადმე ახლომახლო განძი ნამდვილად იქნება. 
„ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“, ისევ მიჩნდება სურვილი დავკრა ფეხი და ხვამლის წვერზე მოვექცე. ფილტვების ანთების ალიბის სამსახურში არ დამიჯერებენ, უკვე სამჯერ მაქვს გამოყენებული, რამე სხვა უნდა მოვიფიქრო. ბრონქიალური ასთმა? მშვენიერია! თან როგორ სოლიდურად ჟღერს. სხვა რომ არაფერი, ხვამლის მთის ჰაერი ასთმას ძალიან მოუხდება.

==================================================================================================
სტელა ადლეიბა, სოხუმი

აბრსკილი: ამაყი გმირის ისტორია

აფხაზეთში მზე, ზღვა და მთებია, იქ სადაც მთებია, რა თქმა უნდა, გამოქვაბულებიცაა, საოცარი, ულამაზესი და ბნელი მიწისქვეშა სამეფოები, რომლებიც ტურისტების ყურადღებას თითქმის ისევე იპყრობენ, როგორც მზიანი სანაპიროები.
უძველესი დროიდან, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა შეწყვიტეს გამოქვაბულებში ცხოვრება, ისწავლეს სახლების შენება და გამოაღწიეს მზესთან უფრო ახლოს, მიწისქვეშა სამეფო ითვლებოდა მისტიკურ ძალთა და საიდუმლოებათა თავშესაფრად. წყვდიადი შობს ურჩხულებს და იფარებს მიცვალებულებს, ხოლო ცოცხალი ადამიანი კარგი ცხოვრებისგან მიწაში არ ჩაძვრება, ეს ყველამ იცის. გამოქვაბულებში, კატაკომბებსა და მიწისქვეშეთში იმალებიან - დევნისა და ომიანობის დროს, და მალავენ - განძს, მაგიურ არტეფაქტებს, აკრძალულ წიგნებს. მაგრამ გამოცანები და მიწის წიაღისეული სიმდიდრეები, ყოველთვის მიმზიდველი და შემაშფოთებელია. შემთხვევით ხომ არ იყო სიბნელისა და სიკვდილის ძველბერძნული ღმერთი ჰადესი დაქორწინებული დემეტრეს ასულ, ნაყოფილერების ქალღმერთ პერსეფონეზე: მიწა შობს სიცოცხლეს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ, მიწისგან შობილი, კვლავ ბუნების წიაღს უბრუნდება. უამრავი მითის უამრავი გმირი ჩადიოდა მიწისქვეშა სამეფოში, რათა სიკვდილის მიერ მოტაცებული გულისსწორი დაეხსნა იქიდან, ან კიდევ, სწორედ იმ განძის საძიებლად.
აფხაზეთში სად უნდა შეიგრძნო თავი უძველესი ლეგენდის გმირად?
ჭლოუს გამოქვაბული! უფრო ცნობილია როგორც აბრსკილის გამოქვაბული - მიწისქვეშა აფხაზეთის, პოპულარობით რიგით მეორე ტურისტული მარშრუტი, სადაც შეიძლება მოირგო თეზეის, ჰერაკლესა და ორფეოსის როლი. წყვდიადში მიმავალი, შეზრდილი სტალაგნატების გლუვი სვეტები, ბნელი როგორც ონიქსი, მიწისქვეშა მდინარის წყლები და უშველებელი ათმეტრიანი სტალაგმიტი, რომელზეც თქმულების მიხედვით, მიჯაჭვული იყო აბრსკილი.
აბრსკილის ისტორია, ალბათ, ყველა ბავშვმა იცის აფხაზეთში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ დროს, მშობლები გვიყვებოდნენ აფხაზურ ზღაპრებს.
დემონისგან, მშვენიერი გოგონას მიერ შობილი აბრსკილი, გახდა მთელი ქვეყნის გმირი, ხალხის საყვარელი და მეზობელი ტომის რისხვა, მაგრამ თანდათანობით სიამაყემ შეიპყრო მისი სული. ვერ ხედავდა რა თანასწორს ხალხთა შორის, აბრსკილმა თავი ღმერთების სადარად მიიჩნია.
როგორც ოსგუდ ფილდინგ III იტყოდა „უნაკლო არავინაა“, აბრსკილიც არ იყო გამონაკლისი. პირველ რიგში, მას ჰქონდა ცუდი ჩვევა, ყველა ჟღალთმიანსა და ცისფერთვალებას გაუსამართლებლად ანადგურებდა, როგორც ტყვეებს, ასევე თავის თანამემამულეებსაც - თითქოსდა მათ შეეძლოთ გაეთვალათ ხალხი და ცხოველები. მეორეც ის, რომ ვერ ეძია რა მომაკვდავთ შორის, მისი სადარი ძალისა და გამბედაობის პატრონი, აბრსკილმა გადაწყვიტა, რომ თვით ღმერთიც კი აღარ იყო მისი ტოლი. ქვემოთ დახრილი ვაზის ქვეშ გავლისას, მუდამ ჭრიდა მას, რათა თვითონ არ დახრილიყო - შემთხვევით ხალხს არ ეგონოს, ღმერთს ხომ არ უხრის თავსო? სხვათა შორის აფხაზური ღმერთი ანცუა, გამოირჩეოდა იშვიათი მოთმინებითა და ადეკვატურობით. იგი მფარველობდა აბრსკილს, როგორც მამულის დამცველს, და დიდიხნის განმავლობაში ინდობდა მას, მისი გამოსწორების იმედით, მაგრამ აბრსკილი მაინც არ ცხრებოდა, ხოდა ანცუაც გაბრაზდა. კაი კიდევ ჟღალთმიანები - ბოლოსდაბოლოს კიდევ გააჩენენ, მაგრამ გაანადგურო ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რასაც ძირითადად ეყრდნობა ქვეყნის კეთილდღეობა - ეს, ცოტა არ იყოს ზედმეტია.
და უბრძანა ანცუამ აბრსკილს, შეეწყვიტა ადამიანებისა და სასარგებლო მცენარეების უმიზეზო განადგურება, ასევე 40-ჯერ ქედი მოეხადა მის წინაშე, რათა გამოესყიდა ცოდვები. აბრსკილს, უნდა ვიფიქროთ, რომ არც კი უფიქრია. პირიქით, ღმერთის ჯიბრზე, დაიწყო ცაზე ჯირითი თავისი ფრთოსანი რაშით - არაშით, ღრუბლებისგან ელვის გამოკვეთა. ამის გარდა, უნაგირს გამოაბა დიდი ლოდებით სავსე ძროხის ტყავები, და დათარეშობდა ასე, ციური მეხის სადარად. სწორედ ეს გახდა ბოლო წვეთი, ღვთიური მოთმინებაც გაწყდა. ანცუამ აბრსკილთან წარგზავნა ანგელოზები, რათა შეეპყროთ და გამოქვაბულში ჯაჭვებით დაებათ, სანამ გონზე არ მოვიდოდა. ავიაფართის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო დავალებას თავი მაშინვე ვერ გაართვა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს გათამამებული ძალოსანი და მისი ერთგული არაში შეიპყრეს და მიაჯაჭვეს ბნელი გამოქვაბულის უშველებელ ქვის ბოძზე. 
აბრსკილი იყო გმირი, ძლიერი როგორც ლომი, რომელიც ტყვეობას ვერ შეეგუა. განთავისუფლების იმედით, დაუღალავად არყევდა ბოძს, მაგრამ ყოველთვის როცა მიზანთან ახლოს იყო, უცებ მოფრინდებოდა ჩიტი და დაჯდებოდა ბოძის თავზე, მაშინვე ბოძი თავის ადგილს უბრუნდებოდა. გამწარებული აბრსკილი მოუქნევდა ჩიტს დიდ უროს, ჩიტი მშვიდობიანად გაფრინდებოდა, სამაგიეროდ ურო ბოძს უფრო ღრმად ასობდა - და ასე უთვალავჯერ.
ღრმა მწუხარებამ შეიპყრო მაშინ აფხაზეთი.
სევდა და დაღვრემილობა გამეფდა ყველგან. აფხაზი ლამაზმანები თავის სიმღერებში მწარედ დასტიროდნენ სახელოვან დევგმირს; ისინი იგლეჯდნენ გრძელ ხშირ თმას და მოუწოდებდნენ ყველა ყმაწვილს აბრსკილის გადარჩენისკენ.
ირგვლივ ისმოდა გულამოსკვნილი ქვითინი:
-ვინ, ვინ, ძვირფასო აფხაზეთო, ვინ გადაგარჩენს მტრისაგან, ვინ შეგიცვლის აბრსკილს?
და აი, შეიკრიბნენ მამაცი აფხაზი ყმაწვილები საყვარელი დევგმირის გადასარჩენად. ბნელი გამოქვაბულის გასანათებლად ჩირაღდნებით ტვირთავენ ოც ჯორს. 
ისეთ მანძილზე მიუახლოვდნენ, რომ მკაფიოდ ესმით აბრსკილის კვნესა.
ამ დროს ჩაუქრათ უკანასკნელი ჩირაღდანი. აღარ იციან რა ქნან და ხმით აგონებენ თავიანთ მისვლას დევგმირს.
- აბრსკილ, - ყვირიან - გვითხარი, გვითხარი, რა ვქნათ? აღარ გვაქვს ცეცხლი, რომ შენკენ სავალი გზა გავინათოთ!
- ჰოი, ჩემო ძვირფასებო, ვერ მოხვალთ ჩემამდე, დაბრუნდით უკან! თქვენ ვერ შეძლებთ ჩემს გათავისუფლებას, რადგან რაც უფრო ახლოს ხართ თქვენ ჩემთან, მით უფრო შორს და შორს ვარ მე თქვენგან! ასეთია შემქმნელის ნება! დაბრუნდით! დაბრუნდით სახლებში, წადით ჩემი ძვირფასი აფხაზეთის დასაცავად, მომეცით საშუალება დავივიწყო ჩემი გაჭირვება! მშვიდობით!
საშინელი კვნესა, რომელიც თან ახლავდა აბრსკილის ამ უკანასკნელ სიტყვებს, ისე ამოფრინდა მისი მკერდიდან, რომ გამოქვაბულის მოღუშული თაღებიც კი შეირყა.
ჩუმად ჩაჰქინდრა ძლიერი თავი მკერდზე, კვლავ მოუდრეკელი და ამაყი აბრსკილი მიეცა ღრმა მწუხარებას...
და დღემდე ასე იტანჯება აფხაზეთის სახელოვანი გმირი.
ამ ლეგენდის ერთ-ერთ ვერსიაში აბრსკილი მაინც შეძლებს ამ გამოქვაბულიდან თავის დაღწევას, თუმცა, დღის ნათელმა დააბრმავა იგი. ვერ გაუძლო რა უმწეობას აბრსკილმა, იგი მთებში განმარტოვდა.
აფხაზური ლეგენდები იმითაა კარგი, რომ გმირებს, გარდა განსაკუთრებული შესაძლებლობებისა, პატარა, ადამიანური თვისებებიც ახასიათებთ. ეს მათ ცოცხლებს ხდის, ხოლო მათ ისტორიებს - დღემდე უკვდავჰყოფს.

==================================================================================================

ანა ბაღდასარიანი, ერევანი

ეჩმიადნი

ეჩმიადინში, სომხეთის სულიერ დედაქალაქში, ინახება შუბი. მიიჩნევენ, რომ ის, სომხეთის მიწაზე, III საუკუნეში მოციქულ თადეოსის მიერაა ჩამოტანილი. ეჩმიადინის მონასტრამდე, შუბი გეღარდის (აირივანქის) მონასტერში ინახებოდა (რაც სომხურად შუბის მონასტერს ნიშნავს).
მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიაში არსებობს რამოდენიმე ისეთი რელიქვია, რომლებიც ლონგინის შუბად, ან მის ფრაგმენტად ითვლება. მეცნიერების მიერ ტარდება ექსპერტიზა მისი ასაკის (მეტ-ნაკლებად სახარების პერიოდისთვის შესაბამისი) დადგენის მიზნით. თანამედროვე კვლევებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის სპეციალისტების მიერ ჩატარდა, დადასტურდა, რომ სომხური შუბი უძველესთაგანია.
სახარებაში წერია, რომ „ერთმა ჯარისკაცმა მას შუბი აძგერა ფერდში“. ამ ასისთავს ერქვა კასიუსი. „და წარმოსთქვა მან „ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ““. თქმულების თანახმად, ლეგიონერი ეზიარა ქრისტეს რწმენას და ნათლობით მიიღო სახელი - ლონგინი. შემდგომ, ქრისტეს სწავლების ქადაგებისთვის, იგი წმინდანად შეირაცხა. ხოლო მისი შუბი ქრისტიანობის უდიდესი საგანძური გახდა. მსოფლიო მას იცნობს როგორც „ლონგინის შუბს“ ან „ბედისწერის შუბს“. ითვლება, რომ ის, ვისაც ხელთუპყრია ეს იარაღი, შეძლებს მსოფლიოს ბედის გადაწყვეტას.
ისტორიული ქრონიკები ადასტურებენ, რომ ბევრი მმართველი იყო დარწმუნებული იმაში, რომ ისინი ფლობდნენ ნამდვილ „ბედისწერის შუბს“. მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო მთელი მსოფლიოს დაპყრობა. ითვლება, რომ „ბედისწერის შუბი“ ხელთ ეპყრა ჰუნების ბელად ატილას, შემდეგ მას რომის იმპერატორი იუსტინიანე I ფლობდა. საუკუნეების შემდეგ, ფრანკთა მეფე კარლოს დიდი. სხვადასხვა დროს შუბის პატრონთა ჯაჭვში იყვნენ ჰენრიხ IV, ფრიდრიხ ბარბაროსა, კარლ IV.
ქრისტიანებს სწამთ, რომ „ბედისწერის შუბი“ უდიდესი სიმძლავრის გასაღებია. და რომ მბრძანებელი, ვის ხელშიც შუბის ბუნიკი აღმოჩნდება, შეძლებს კაცობრიობის მართვას.
„ბედისწერის შუბი“ სომხეთის ბედსაც განაგებდა .
ლეგენდის თანახმად, ცხოვრობდა ოდესღაც მუსულმანი მხედართმთავარი და მმართველი, სახელად ტამერლანი, რომელმაც თავისი არმიით დაიპყრო ნახევარი მსოფლიო. მოგვიანებით მისი არჩევანი სომხეთზე შეჩერდა. თავისი ძლიერი არმიით ის მთების ქვეყანაში შემოვიდა. ტამერლანმა შეკრიბა რაზმი და გასწია გეღარდის მონასტრისკენ. სანამ რაზმი მონასტრისკენ მიდიოდა, ტამერლანმა მის თავზე ჯერ ღრუბლები შენიშნა, შემდეგ ელვა და ჭექა-ქუხილი, ფეხქვეშ მიწის გრგვინვა შეიგრძნო. როცა ჯარისკაცები კარიბჭიდან მონასტერში შეცვივდნენ, დაიწყო კოკისპირული წვიმა. შუბის დანახვისასთანავე ჯარისკაცები შეჩერდნენ. უკანა რიგებიდან, რათა დაენახათ თუ რა ხდებოდა წინ, წინა რიგებს აწვებოდნენ და სასურველის დანახვისთანავე ისინიც შეშდებოდნენ. მრავალი ჯარისკაცი დაშავდა, ზოგიც დაბრმავდა. ტამერლანი, მონასტერში რომ შევიდა და დაინახა, თუ რა მოხდა იქ, შეშინდა. აზიის მმართველს, აღმოსავლეთის ემირს და ვრცელი სამეფოს უმაღლეს ლიდერს, უცებ დაავიწყდა ვინ იყო და რა მისიით იყო მოსული. მუხლებზე დაეცა, მუზარადი მოიხსნა და დაიწყო ლოცვების კითხვა. მეორე დღეს ტამერლანმა ბრძანა, გეღარდის მონასტერში მიეტანათ უამრავი ნაპარავი ძვირფასი ძღვენი და დაეტოვებინათ. ბოლოს მან შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და დატოვა ეს ადგილი.

წყარო: Caucasian Stories