ბიბილოვი ბელგრადში სერბეთის კრონპრინცს შეხვდა

2018-01-12 14:01:53
366

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ბელგრადში, სერბულ სამეფო რეზიდენციაში სერბეთის კრონპრინც ალექსანდრე კარაგეორგიევიჩს შეხვდა, - იუწყება ოსური სააგენტო “რესი” დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-მდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

«ანატოლი ბიბილოვმა უამბო ალექსანდრე კარაგეორგიევიჩს რესპუბლიკა სერბულში მის ვიზიტზე და მიღწეულ შეთანხმებებზე. მან ასევე სერბი დაოსი ხალხების კულტურათა მსგავსებას გაუსვა ხაზი და უამბო კრონპრინცს სამხრეთ ოსეთის ისტორიის, გამოჩენილი ოსი მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მოღვაწეების  შესახებ. თავის მხრივ, სერბეთის კრონპრინცმა ინტერესი გამოხატა სამხრეთ ოსეთის, რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მიმართ და ხაზი გაუსვა რწმენით, კულტურითა და სულით მონათესავე სერბი და ოსი ხალხების კავშირის მნიშვნელობას. ამასთანავე, ალექსანდრე კარაგეორგიევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პოზიტიური როლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-მდივნის ცნობით, საუბრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტების რეალიზების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის – განათებისა და ჯანდაცვის სფეროებში.