კახა კალაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას

25-04-2024 20:20:55 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარტიის ოფისში გამართული ბრიფიგით გამოეხმაურა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს".

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები