Facebook პრიორიტეტებს ცვლის

2018-01-12 10:27:44
227

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილებას აანონსებს. როგორც მან თავის გვერდზე დაწერა,Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბების და სარეკლამო პუბლიკაციების მნიშვნელობას და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. მისივე თქმით, კომპანიების, ბრენდების და მედიის პოსტების რაოდენობა შემცირდება. 

„ახალი ამბების მიმართულებამ გადაუხვია იმ ძირითად მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა - დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტში. პირველი ცვლილება, რომელსაც შეამჩნევთ, სწორედ სიახლეების მხრივ იქნება, სადაც თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მეგობრების, ოჯახის წევრების და თქვენი ჯგუფებიდან,“- დაწერა ცუკერბერგმა. მისი თქმით, ცვლილებების განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვე გაგრძელდება. 

„ასეთი ცვლილებებით მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები Facebook-ზე უფრო ნაკლებად შევლენ, თუმცა ის დრო, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გაატარებენ, უფრო სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. თუ ჩვენ სწორად ვიქცევით, მჯერა, რომ ეს კარგი ეფექტი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში,“- დასძინა Facebook-ის დამაარსებელმა.