განათლების მინისტრი: "მანდატურის სამსახური გადაიხედება"

2017-12-07 14:14:22
54

მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილ არასრულწლოვანთა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

“შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი. ჯგუფში  შევლენ განათლების, იუსტიციის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულები.  პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას და მინდა გითხრათ, რომ მანდატურის სამსახური ზოგადად გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებიან. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი განხორციელდება საპატრულო პოლიციის მიერ. უწყებათაშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები და კონკრეტული დეტალები, თუ როგორ მოხდება პატრულირება ამას შემდგომში გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. პრობლემა არის ძალიან სიღრმისეული და სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიით არიან დაკავებულნი, ამ კუთხით აქვთ კვლევები, აქვთ სამუშაო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების და მათი მშობლების ინფორმირების კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. ჩვენ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის მიმართულებით მაგისტრანტები და დოქტორანტები”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იქნება მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც.