პრემიერი - მოზარდების მკვლელობაზე: "ჩვენ რაღაც გამოგვრჩა"

2017-12-07 11:17:42
122

"სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ხორავას ქუჩის მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებებიც მისცა: 

"იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ, მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია. უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად, მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან, ალბათ საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და მინდა, იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის: მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ამ დროისტვის 7 პირია ბრალდებული -  5 დანაშაულის დაფარვისთვის, 2 არასრულწლოვანი კი - განზრახ მკვლელობისთვის. ორივე არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 3 სრულწლოვანი ბრალდებულიც. ერთ-ერთი დაკავებული მშობელია. გამოძიების ცნობით, მან დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა სამართალდამცველებს არ დაუკავშირდა. კიდევ ორი დაკავებული სრულწლოვნები ბრალდებულის მეზობლები არიან. მათ მოზარს მიმალვაში შეუწყვეს ხელი. 17 და 21 წლის ბრალდებულები კი, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება შეეფარდა. 21 წელის ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო 17 წლის მოზარდი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

იმ ბრალდებულის, რომელიც სამართალდამცველებს ორი დღის წინ ჩაბარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს და ამბობს, რომ მოწმეებმა ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ გამოძიებას მოწმეების ხელმეორედ დაკითხვაც მოუწევს. ადვოკატი ღიად ამბობს, რომ არ სჯერა საქმეში მკვლელობის მხოლოდ 2 იარაღის არსებობის.

საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, პროკურატურის ცნობით, #51 ოლაში მეთერთმეტე კლასელებსა და მეცხრე კლასელებს შორის ამავე სასწავლო დაწესებულების საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა მეცხრე კლასელმა დახმარებისთვის პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ნათესავს მიმართა. ამის შემდეგ მოზარდებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს. იქ მომხდარ სისხლიან გარჩევას კი 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სალარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადუნაშვილი მრავლობითი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სალარიძე კი 20 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ებრძოდა სიკვდილს.