ვინ მიაწოდა სუს-ს ინფორმაცია ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფის არსებობის თაობაზე

2017-12-01 14:59:16
949

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია განასაჯაროვა, რომელმაც საქმეში ნათელი მხოლოდ რამდენიმე დეტალს მოჰფინა, მაგრამ არა მთლიან სურათს. კერძოდ, გაირკვა, რომ 1 - სუს-მა საგამოძიებო მოქმედებები "საერთაშორისო პარტნიორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის" საფუძველზე დაიწყო, 2 - ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია(ვინ არის ახმედ ჩატაევი http://accent.com.ge/ge/news/details/43329), 3 - ლიკვიდირებულებს შორის არ არის "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. იუსტიციის მინისტრი ადამ გუმაშვილი, 4 - შეიარაღებული ჯგუფის 2 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, მესამემ, ახმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. (ამის შესახებ "აქცენტი" წერდა http://accent.com.ge/ge/news/details/43179)კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები: როგორ, რა მიზნით შემოვიდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები ქვეყანაში და ჰყავთ თუ არა მოკავშირეები. დღეს შს მინისტრმა განაცხადა, ჯგუფის წევრებმა სახელმწიფოს საზღვარი სავარაუდოდ, არალეგალური გზით გადმოკვეთეს http://accent.com.ge/ge/news/details/43531,როგორ მოახერხეს შეიარაღება, რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული (ვრცელდება ინფორმაცია "შაჰიდის ქამრის" გამოყენების თაობაზეც):       

"ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ით, თითის ანაბეჭდებითა და დაქტილოსკოპიური კვლევით დადასტურდა, რომ ლიკვიდირებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი მაიდენტიფიცირებელი არც ერთი დოკუმენტები არ ჰქონიათ. აღნიშნული პიორების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა პირებთან",- განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერეთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე ინფორმაციით, სუს-მა გარკვეული ჯგუფის არსებობის თაობაზე პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს მოქმედება და აღმოჩენილ იქნა გარკვეული ჯგუფი: 

"საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღპონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად მოსახლეობის დაცვის მიზნით განხორციელდა კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, ცეცხლი გახსნეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ისროლეს ხელყუმბარები...20 საათიანი ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებული პირების იდენტიფიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს",- განაცხადა გიორგობიანმა. 

ამასთან, როგორც გიორგობიანი ირწმუნება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არ შეესაბამება სიმართეს ინფორმაცია, სპეცოპერაციის დროს ბინაში ჩატაევის მეუღლისა და ბავშვის ყოფნის თაობაზე:

"ჩვენი ინფორმაციით, ჩატაევის მეუღლე და შვილი საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათ საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვეს. ზოგადად, სპეცოპერაციის დროს ბინაში ქალი და ბავშვი არ იმყოფებოდნენ",- აცხადებს გიორგობიანი. 

მისივე ცნობით, უშუალოდ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პროცესში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩართულები არ ყოფილან. ამჟამად კი როგორც ცნობილია, პროცესში FBI-ს ექსპერტები არიან ჩართული. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ისინი უკვე ჩამოვიდნენ საქართველოში. http://accent.com.ge/ge/news/details/43539    

"უსაფრთხოების სამსახური შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული",- დასძინა გიორგობიანმა. 

რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, გამოძიების სამი მუხლით მიმდინარეობს: სსკ-ის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით (ტერორისტული აქტი, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით), 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით)და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ან და მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში).