"2013 წლამდე რუსული ბაზარი დაკეტილი იყო ჩვენთვის, თუმცა ჩვენი ბაზარი ღია იყო რუსული პროდუქციისთვის"

2017-11-24 17:53:17
164

უნდა ველოდოთ თუ არა ახლო მომავალში სოხუმისა და ცხინვალის კოროდორების გახსნას ქართულ-რუსული ვაჭრობისთვის და რას გულისხმობს 2011 წლის შეთანხმება  ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე შევიდეს ძალაში – ამ და რუსულ-ქართული ურთიერთობების სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშრებით პირველი არხის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში – ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

საქართველოსა და რუსეთს შორის სოხუმისა და ცხინვალის კოროდორების გახსნის საკითხი რამდენჯერმე გააქტიურდა, თუმცა ეს კორიდორები ჯერაც არ გახსნილა. რა არის ამ შეფერხების მიზეზი, როცა შეთანხმება, რომელიც ამ კორიდორების გახსნის საშუალებას იძლევა ჯერ კიდევ 2011 წელს იქნა ხელმოწერილი?

2011 წელს გაფორმებული შეთანხმება და კონტრაქტები, რომელსაც იმედია მალე მოეწერება ხელი, ავტომატურად არ გულისხმობს ზემოხსენებული კორიდორების ამოქმედებას. ხელშეკრლებაში საუბარია ვაჭრობის მონიტორინგზე საქართველოსა და რუსეთს შორის. მომავალში, როცა ეს შეთანხმება ამოქმედდება, დავინახავთ თუ რა შესაძლებლობებს იძლევა იგი.

ზოგადად, ეს არის ძალიან არასტანდარტული პროექტი – არსად ყოფილა ასეთი პრეცედენტი და არ არსებობს გამოცდილება, რომელსაც გავითვალისწინებდით. იყო უამრავი ნიუანსი და სიახლე. ამიტომ კონტრაქტებზე მუშაობას წლები დასჭირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველომ კონტრაქტის ტექსტის მომზადება წელიწადნახევრის წინ დაასრულა. რუსეთის მხარეს სამუშაო პროცესი უფრო გაეწელა. მათი მხრიდან გაკეთდა ისეთი განცხადებებიც, თითქოს ქართული მხარე არ იყო მზად. საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ ზაფხულში პრაღაში შეხვედრის დროს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ დავასრულოთ დისკუსიები და განვსაზღვროთ, თუ როდის ვაწერთ ხელს ამ კონტრაქტებს….

გაჭიანურების მიზეზად არაერთხელ დასახელდა მხარეებს შორის კონკრეტული ნიუანსების შეუთანხმებლობა. კონკრეტულად რა ნიუანსებზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

 საგნობრივად, დეტალურად ეს თემა პრაღის ფორმატი არ განიხილება. კონტრაქტის დეტალებზე მუშაობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, სადაც ამ სფეროს სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. პრაღაში ვდილობთამ პროცესის დაჩქარებას და თუ ნოემბერში შვეიცარიაში შედგება ექსპერტების შეხვედრა და შემდეგ მოხდება კონტრაქტების გაფორმება, ესე იგი ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია.

 შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამჯერად ყველა ნიუანსი შეთანხმებულია და ნოემბრის ბოლოს ეს ყველაფერი ფორმალურად უნდა დაფიქსირდეს?

 ცალკეული ნიუანსები კიდევ არის შესათანხმებელი, რის შემდეგაც ხელი მოეწერება კონტრაქტებს.

ამ შეთანხმებას მედია და ანალიტიკოსები ხშირად უკავშირებენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობას. საინტერესოა, შეთანხმება მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვას არეგულირებს, თუ არ არის შემოფარგლული ამით და არ გამორიცხავს სარკინიგზო გადაზიდვასაც?

ეს შეთანხმება არეგულირებს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას. აქ არავითარი საიდუმლო არ არის. 2011 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ეს ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი – ხელშეკრულებაში ასევე მოხაზულია თუ სად გადის კონკრეტულად ეს ე.წ. სავაჭრო კორიდორები, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას ფაქტობრივად არ იძლევა. რკინიგზის თემაზე ჩვენ პრაღაში საერთოდ არ ვსაუბრობთ.

ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო გაიზრდება მგზავრბრუნვა და ტვირთბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის – მათ შორის სოხუმის და ცხინვალის გავლითაც – მით უფრო მეტი შესაძლებობა გაჩნდება შერიგების პოლიტიკისთვის…

 ხელშეკრულება ამას არ გულისხმობს. ეს დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე და თავისთავად ეს შეთანხმება არ არის ასეთი სცენარის გარანტი. რაც შეეხება ტვირთბრუნვის ზრდას – ეს მექანიზმი თავისთავად ვერც სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს. ეს არის მხოლოდ ადმინისტრირების მექანიზმი. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა და ტვირთბრუნვა გაიზრდება, მაშინ ეს მექანიზმი დააფიქსირებს მეტ სავაჭრო ბრუნვას, თუ შემცირდება, დააფიქსირებს შემცირებას. ხანდახან ჩვენ გვახასითებს გადაჭარბებული მოლოდინები და ამ შემთხვევაში ასეთი განცდა არ უნდა გვქონდეს.

გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოსთან, თუმცა ხელისშემშლელ ფაქტორებად დაასახელა საქართველოს სიახლოვე კონფლიქტურ ზონებთან და საქართველოს საგარეოპოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მან ანტირუსული უწოდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ ეტაპზე მოსკოვმა შეაჩერა ამ საკითხის განხილვა?

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არის მოსკოვის პრეროგატივა. ჩვენ აქ ზეწოლის არავითარი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უკვე გაკეკეთეთ – რუსეთის მოქალაქეებსისთვის, ისევე როგორც სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენ გაუქმებული გვაქვს სავიზო რეჟიმი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, უპირველესად, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ტურიზმის განვითარების ამოცანებიდან. ამის გამო დღეს უამრავი ტურისტი ჩამოდის საქართველოში – მათ შორის რუსეთიდანაც. რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. რუსეთის მხარისათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებისას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია დიპლომატიური ურთიერთიერთობების არქონას. ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ნება და გავაუქმეთ ვიზები. თუ რუსეთს ექნება პოლიტიკური ნება, რუსეთიც გააუქმებს მათ. ჩვენი მხრიდან დამტკიცდა, რომ დიპლომატიური ურთერთბების არქონა არ არის ამ საკითხში ხელისშემშლელი ფაქტორი.

სხვათა შორის, 2016 წლის დასაწყისიდან რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. იქამდე მხოლოდ უახლოეს ნათესავს შეეძლო საქართველოდან რუსეთში მიეწვია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ახლა ეს პირობა აღარ არსებობს და ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შეუძლია მიიწვიოს საქართველოს მოქალაქე. ამის გამო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა ვიზის მიღება მაინც სირთულებთან არის დაკავშირებლი.  საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდეს, თუმცა ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რაც ჩვენი მხრიდან შეიძლებოდა გაკეთებულიყო.  ახლა ჯერი მხოლოდ რუსეთზეა.

პრაღის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი. როგორც ვიცით, 8 ადამიანი უკვე თავისუფალია, თუმცა თქვენ ბრძანეთ რომ არიან სხვებიც და აგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. სულ რამდენ ადამიანზეა საუბარი და როდის შეიძლება მათთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება?

 ამ ადამიანებიდან ზოგი აგვისტოს ომის შემდეგ – 2008 წელს დააპატიმრეს, ზოგიერთი უფრო მოგვიანებით. რუსეთში მათ მრავალწლიანი სასჯელი ქონდათ მისჯილი. საუბარია 12, 14, 15 წელზე.

ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველოს 8 მოქალაქე უკვე დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს. საერთოდ, ეს ძალიან დელიკატური თემაა და ასეთ თემებზე საჯაროდ არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ტრანსპარენტულად და ღიად ვაკეთებთ. რამდენიმე ადამიანი კიდევ არის დარჩენილი პატიმრობაში, თუმცა  ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან და მათი გადმოცემა პრობლემატურია – ეს აკრძალულია რუსეთის კანონმდებლობით. იქ არის სხვა ნიუანსებიც, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მოხერხდეს მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება და იმედია შედეგსაც მივაღწევთ.

ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყნები იმყოფებიან, საქართველოსა და ქართველების ინტერესების დასაცავად უპრიანია მაინც გვქონდეს დილომატიური ურთიერთობა რუსეთთან. საზოგადოების ეს ნაწილი მიგვითითებს უკრაინის მაგალითზეც. როგორ ფიქრობთ – უფრო დაცული იქნებოდა თუ არა ქართველების ინტერესები რუსეთში დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პირობებში?

 დავიწყოთ იმით, რომ ქართული დიასპორის უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. დღეს ხდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია, მილიტარიაზცია, მათი ინტეგრაცია რუსულ სივცეში, რუსეთის საელჩოები ცხინვალში და სოხუმში და ა.შ. ამ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არარეალურია. არარეალურია ამაზე მსჯელობაც კი. ეს პრინციპში ჩვენს რუს კოლეგებსაც ესმით. მომავალში, თუ რაღაც ეტაპზე იქნება სერიოზული პროგრესი ამ მიმათულებებით, ცხადია არაფერია გამორიცხული.

აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ის ამოცანები, რომელთა გადასაჭრელადაც ის შეიქმნა, ასეა თუ ისე, შეასრულა – ეკონომიკური და კულტურული კავშრები პრინციპში აღდგენილია. დღეს ხშირად გვესმის კითხვა – ხომ არ მოვიდა დრო გაფართვდეს ამ ფორმატის სფერო ან დიალოგი გადავიდეს უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე…

სანამ პრაღის ფორმატი ჩამოყალიბდებოდა, რუსეთთან შეხვედრის ერთადერთი ადგილი იყო ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციები, მაგრამ ვაჭრობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ცალკეული ჰუმანიტარული ასპექტები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, ჟენევაში არ განიხილება.

2013 წლამდე ჩვენი ექსპორტი რუსეთში იყო 0. რუსული ბაზარი დაკეტილი იყო ჩვენთვის, თუმცა ჩვენი ბაზარი ღია იყო რუსული პროდუქციისთვის და იმპორტი შემოდიოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს იყო არალოგიკური, არასწორი და უსამართლო მდგომარეობა. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დისკრიმინირებულ პირობებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს უთანასწორობა გამოგვესწორებინა და ნელ-ნელა რუსული ბაზარიც გაიხსნა.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთში აღდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი. მიმდინარე წელს, დღეის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის ბოლოს სავარაუდოდ 300 მილიონი იქნება, ხოლო მთლიანობაში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ წლის ბოლოს შესაძლოა ერთ მილიარდსაც  მიაღწიოს. 2013 წლიდან დღემდე მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქციაა გატანილი საქართველოდან რუსეთში და  სავაჭრო ურთიერთობები შედარებით დაბალანსდა. იმპორტი იზრდება, მაგრამ ექსპორტი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და ეს კარგია.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – ნუ შევიქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს. პრაღის ფორმატი იმ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რაც მას არ ევალება, თუმცა იმ საკითხებს, რისთვისაც ის შეიქმნა, შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ. ვაჭრობა იზრდება. ასევე ძალიან გაფართოვდა სატრანსპორტო კავშირები.  ფორმატის ამოქმედებამდე ერთადერთი ჩარტერული რეისი იყო თბილისსა და მოსკოვს შორის. ახლა ასეთი რეისი რამდენიმეა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები და ტვირთბრუნვა. განვითარდა სარეისო საავტომობილო მიმოსვლაც – დღეს საქართველოდან რუსეთში და პირიქით 33 სარეისო ავტობუსი მოძრაობს. ეს ქათულმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის.

ეს ძალიან დიდი სფეროებია და ამ ყველაფერს ყურადღება სჭირდება. საჭიროა ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვა.  ვაჭრობა გაფართოვდა და ეს დაეტყო კიდეც ქვეყანას, თუმცა, ეს მხოლოდ რუსული ბაზრის დამსახურება არაა. მნიშვნელოვნად იზრდებას ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან და ზოგადად ჩვენი სავაჭრო კავშირები უკვე საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს ფორმატი არაფორმალური ეკნომიკური და კულტურული საელჩოს ან წარმომადგენლობის ფუნქციას ასრულებს?

დიახ, იმის გამო რომ არ არის სრულყოფილი საელჩოები, ურთიერთობები გართულებულია. იძულებული ვართ ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე მოვაგროვოთ პრობლემები და შემდეგ მოვაგვაროთ ისინი. ჩვენ თითოეული შეხვედრის წინ ვესაუბრებით შესაბამის უწყებებს, კომპანიებს, ვინიშნავთ მათ პრობლემებს და შემდეგ შეხვედრაზე ვცდილობთ მათ მოგვარებას. დიალოგი საჭიროა, კომუნიკაცია აუცილებებლია. მე კიდევ ერთხელ დავესესხები ნატოს გენერალურ მდივანს, რომელმაც თქვა რომ რუსეთთან დიალოგი ძალიან რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი.

თავად აღნიშნეთ რომ უკრაინას ყველაფრის მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გაუწყვეტია რუსეთთან.  მე არ ვაფასებ ეს სწორია თუ არა – მაგრამ აქვთ მათ თავიანთი არგუმენტები და ინარჩუნებენ კომუნიკაციას. ბოლოს და ბოლოს, ხშირად იქმნება ფორსმაჟორული სიტუაციები. მეზობელ ქვეყანასთან – თან ამხელა ქვეყანასთან – კომუნიკაციის გარეშე არ გამოდის.

ცხადია, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ არის საჭირო და რუსეთი უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. არ დავუჯეროთ ნატოს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და დავუჯეროთ რომელიმე პოლიტიკოსს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – არასწორი იქნება.

თქვენს ახლოს დიდი დათვი რომ დადიოდეს მას ვერ დააიგნორებთ. შესაძლოა ეს არ არის კარგი ვითარება – მაგრამ სხვა სცენარი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. დღევანდელ მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ქვეყნებს უფრო ხშირად უწევთ აირჩიონ ცუდსა და უარესს შორის, ვიდრე კარგსა და უკეთესს შორის.

ამასთანავე, რუსეთთან ურთიერთობას ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ და მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ  ეს ყველაფერი შეთანხმებულია მათთანაც.  ისინი ცალსახად უჭერენ მხარს ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ კურსს და მათი მხრიდან ხშირად კეთდება შესაბამისი განცხადებები.

რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ითხოვს დიალოგის უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადასვლას – გარწმუნებთ, რომ ამ ეტაპზე  რისი გაკეთებაც, რეალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ჩვენ ვაკეთებთ. მომავალი დაგვანახებს ახალ შესაძლებლობებს.

https://1tv.ge/analytics/2013