"როგორ აღმოჩნდა როყვა გაუჩინარების შემდეგ პირდაპირ პოლიციაში?"

2017-11-10 12:51:58
155

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს შეფასებაში, ირაკლი როყვას წინააღმდეგ სავარაუდო ზეწოლის ფაქტიც მოხვდა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის ოთხი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი გამოვლინდა.

მისი თქმით, თითქმის, ყველა შემთხვევაში, ოზურგეთში სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. მისივე განმარტებით, ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში.

ბენიძის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთის მცხოვრებლები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც აღქმული იქნება ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. ასევე მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა”-განაცხადა ბენიძემ.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა 2 დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვას საქმეზეც. 

“გიორგი როყვა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თავად იყრიდა კენჭს ოზურგეთის თემში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატად და ჩვენ მეორე შუალედურ ანგარიშში, შესული არის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია, კანდიდატურის მოხსნის მიზნით. თუმცა, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ფაქტი თავად კანდიდატმა დაადასტურა, მას კანდიდატურა არ მოუხსნია და უფრო მეტიც, არჩევნებზე 35,6% მიიღო და გავრცელებული ინფორმაციით, როყვას მიმართ, მეორე ტურის წინ განხორციელებული ზეწოლა სწორედ იმ გარემოებას უკავშირდება, რომ ის ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს.

"ჩვენთვის კითხვის ნიშნებს აჩენს თავად ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა როყვა ამ გაუჩინარების შემდეგ პირდაპირ პოლიციაში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.