ინტრიგა ქართული არქივის გარშემო

2017-10-02 16:24:48
364

რიგი ჩრდილოეთკავკასიელი ისტორიკოსებისა ეჭვობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან მიღებულია გადაწყვეტილება მათთვის საქართველოს ეროვნულ არქივთან წვდომის აკრძალვის შესახებ.

ცოტა ხნის წინ დაღესტნელმა ისტორიკოსმა ფატიმატ ტახნაევამ განაცხადა, რომ როგორც 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული არქივის ადმინისტრაციაში უპასუხეს, მას "სამკითხველო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას ვერ მიანიჭებდნენ".

"აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ოფიცილურ განაცხადზე აი, ასეთი მშრალი პასუხი მივიღეთ. არადა, ერთი კვირით ადრე მივმართე წერილით არქივის დირექტორს, რის შემდეგაც მომთხოვეს, რუსული პასპორტის სკანირებული ასლი გადამეგზავნა არქივის «შიდა რეგულაციების» გამო. ყველა პირობა შევასრულე, თუმცა განმარტებების გარეშე უარი მივიღეთ".

ზაფხულის დასაწყისში კი ინგუშმა მეცნიერმა ბერსნაკო გაზიკოვმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა,  ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძეს მიმართა.

"ჩემთვის სრულ მოულოდნელობად იქცა 2017 წლის 6 ივნისის არამოტივირებული აკრძალვა, არქივის ფონდებთან მემუშავა, რამაც უკვე დაწყებული წარმატებული მუშაობა შემაწყვეტინა. ამასთან, აღნიშნული არქივის დირექტორი, პატივცემული ანტონ ვაჭარაძე აშკარად უხერხულობას განიცდიდა, როცა ამ გადაწყვეტილებას მიცხადებდა", - ნათქვამი იყო გაზიკოვის მიმართვაში.

თავად არქივის თანამშრომლები ბრალდებებს უარყოფენ.

როგორც ერთ-ერთი მათგანი — სოფო ჯობავა აცხადებს, ჩრდილოეთკავკასიელების არდაშვება არც მათ ეროვნებას უკავშირდება, არც წარმომავლობას:

«ისინი შესაძლოა, წასწყდომოდნენ დროებით პროცედურას, რომელიც არქივთან წვრომას ზღუდავს და ეს ჩრდიოეთკავკასიელებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებად აღიქვეს».

თუმცა როგორც "Кавказ.Реалии"-ს არქივთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ზაფხულის დასაწყისიდან არქივში არაოფიციალური მითითება მოქმედებს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან არავინ დაუშვან და არასასურველი მკვლევარების სიაც კია შედგენილი.

"თუ პასპორტში დაბადების ადგილად დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი ან ჩრდილოეთ ოსეთია მითითებული, არქივის მუშაკები უბრალოდ უარს გეუბნებიან საარქივო მასალებთან დაშვებაზე", - ირწმუნება წყარო.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამაში «მოსკოვის ხელს» ხედავს. მათი აზრით, ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვეული დათბობა შეიმჩნევა, საქართველოს არქივში კი ბევრია ისეთი რამ რუსეთის წარსულიდან, რაც არასასურველია, ჩრდილოეთკავკასიელებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ამაში კვერს უკრავს».

თუმცა ლინგვისტი დაღესტნიდან მაგომედ მაგომედოვი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი აზრით, მიზეზი შესაძლოა, იმაში მდგომარეობდეს, რომ არქივებთან მუშაობის წესებს ყველა ისტორიკოსი როდი იცავს.

ცნობისთვის: დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში და ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული ისტორიკოსები საქართველოს ეროვნლ არქივს იმის გამო მიმართავენ, რომ 1801 წლიდან კავკასიის სამხედრო შტაბი და სხვა საერთო კავკასიური ცენტრები სწორედ თბილისში მოქმედებდა და, შესაბამისად, საბუთების უმრავლესობა სწორედ აქ ინახებოდა.

Кавказ.Реалии