რატომ არის სააკაშვილის ექსტრადაცია ნაკლებ სავარაუდო

2017-09-12 20:55:08
420

საქართველო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის მოლოდინშია. აღნიშნულის შესახებ განცხადება ექსტრადაციის პროცესზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა.

წულუკიანის თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინულს ექსტრადაციის მოთხოვნა პირველ სექტემბერს გადაუგზავნა, გაგზავნილია ყველა შესაბამისი საბუთი და ახლა ჯერი უკრაინულ მხარეზეა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეუქმნის თუ არა საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ უხერხულობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება. საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი «აღარავის აინტერესებს, მათ შორის - არც მის ახლანდელ თანაგუნდელებს».

„ერთადერთი, ვისთვისაც სააკაშვილი საინტერესოა, ეს საქართველოს მთავარი პროკურატურაა, ვინაიდან მას პასუხი აქვს გასაცემი იმ ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ მიმდინარეობს“,– ირწმუნება წულუკიანი.

იმის გარკვევას, რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაცია, „აქცენტი“ იურისტებთან შეეცადა.

თბილისის  ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი შექმნილ ვითარებაში ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძვლებზე ამახვილებს ყურადღებას: 

„ამ შემთხვევაში პროცესები უცნაურად წარიმართა. პროცედურა ასეთია: გამოჩნდება თუ არა შენს მიერ ძებნილი პირი ამა თუ იმ ქვეყანაში, აგზავნი მისი დაკავების შესახებ მოთხოვნას, ხოლო შემდეგ უკვე - მოთხოვნას გადმოცემაზე. ჩვენ არ ვიცით, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე უკრაინაში პროცესი მიმდინარეობს თუ არა, - ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ არა. წესით, უნდა დაეკავებინათ, შემდეგ განეხილათ საექსტრადაციო პატიმრობის შეფარდების საკითხი და უკვე შემდეგი ეტაპია გადმოცემაზე მსჯელობა. ასე არ მოხდა. მოვლენებიდან გამომდინარე, ეს რთულიც იქნებოდა. დაგროვდა პრობლემები და მსგავს სიტუაციაში სამართალი უკვე რთულად მუშაობს, ერთვება პოლიტიკა. ამიტომ დანარჩენზე თეორიულად ვისაუბრებ: ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ აქვს, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მას დანაშაული ჩვენს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი, ამიტომ ექსტრადირება შეგვიძლია, მოვითხოვოთ ნებისმიერი ქვეყნისგან და არა მხოლოდ უკრაინისგან. აქამდე უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა იყო პრობლემა და ეს ექსტრადაციაზე უარის თქმის საფუძველი ნამდვილად არის. ახლა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, თუმცა სააკაშვილი უკრაინაში მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსს ითხოვს, რაც ექსტრადაციის შემთხვევაში მოქალაქეობის გარანტიებს უთანაბრდება. მაგალითად, ჩვენ უცხო ქვეყანას არ გადავცემთ როგორც საკუთარ მოქალაქეს, ისე მუდმივი ცხოვრების სტატუსის მქონე პირს და არც ამ სტატუსის მაძიებელს (გადაწყვეტილების მიღებამდე საექსტრადაციო პროცედურები ჩერდება ხოლმე). შესაბამისად, სტატუსი ექსტრადაციაზე უარის თქმის საფუძველია. მე უკრაინის კანონმდებლობას არ ვიცნობ, მაგრამ ეს წესი მოქმედებს ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც და ვვარაუდობ, რომ უკრაინაშიც ასევე იქნება.

გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ექსტრადაციაზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება, გაჩნდეს. კერძოდ, უკრაინაში საუბრობენ საზღვრის უკანონოდ კვეთაზე და დაიწყეს გამოძიებაც. თუ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მაშინ ესეც იქნება ექსტრადაციაზე უარის თქმის საფუძველი.

ეს ყველაფერი - თეორიულად, ხოლო რეალურად რა მოხდება, არ ვიცით“.

პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი რუსი პრანკერებისა და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სავარაუდო დიალოგს იხსენებს http://accent.com.ge/ge/news/details/37945 და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადაციით დაინტერესებული არაა:

„არსებობს მინსკის 1993 წლის ჩარჩო-კონვენცია, რომლის ფარგლებშიც საქართველო და უკრაინა თანხმდებიან ურთიერთსამართლებრივი დახმარების საკითხზე. ეს არ იქნა გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელსაც შეეძლო, მოეთხოვა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია თუნდაც იმ ბრალის ნაწილში, რომელიც უკვე დასაბუთებული და წარდგენილია. ფაქტია და ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, ბატონი მღებრიშვილის განცხადებები კი უნათლესი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკური პოზიციაა“,– ამბობს ლორთქიფაიძე. 

დღეს სააკაშვილმა სასაზღვრო წესების დარღვევისთვის უკრაინის სასაზღვრო სამსახურიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ჩაიბარა. აღნიშნული სამართალდარღვევა ჯარიმას ან რამდენიმედღიან პატიმრობას ითვალისწინებს. სააკაშვილი უკრაინულ ვიოაჟს განაგრძობს და ლვოვის შემდეგ უკრაინის სხვა ქალაქების მოვლისათვის ემზადება.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“