რუსულ-ქართული ჩიხი

2017-07-14 10:12:45
380

რუსეთი საქართველოს ტერიტორიისგან 3-4 თვეში ერთხელ, თითო ჯერზე რამდენიმე ჰექტარი მიწის კბეჩას განაგრძობს. ქართულ მხარეზე ამ დროს სრული დაბნეულობაა იმ მიზეზით, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა აკეთონ მსგავს ვითარებაში. ყველა შემოთავზებული რეცეპტი არარეალისტურია და უახლოესი განხილვისას უსარგებლოდ ფასდება.

მმართველი პარტიის პოზიცია ცნობილია: რაც შეიძლება, დაბლა დახაროს თავი, რაც შეიძლება, ხატოვნად დუმდეს - და, შესაძლოა, საფრთხემ ჩაიაროს. ბოლოს და ბოლოს, ღვინო და ვაშლი ხომ რუსეთში ექსპორტზე გადის – და ეს მთავარია, ხოლო იქნება თუ არა საქართველოს ტერიტორია ერთი-ორი კილომეტრით უფრო მცირე – ეს არაფერს წყვეტს.

ერთი სიტყვით, ესაა «არ გავაბრაზოთ პუტინი», ჩამოსხმული ბრინჯაოში და პოსტამენტზე დადგმული თბილისის ცენტრში. თუმცა სარგებელი ამ პოლიტიკისგან პრაქტიკულად ნულოვანია... მსოფლიოში ჯერ არსად და არასდროს გაუმარჯვია სირაქლემურ პოლიტიკას. თუ ადამიანს გამუდმებით ამცირებენ, ის კი დუმს და პასუხს არ სცემს, ეს ზრდის შანსებს, ისიც დაკარგოს, რაც რაღაც ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ჯერ კიდევ შეგრჩა.

«ოცნების» პოლიტიკის ხინჯიანობა სრულიად თვალნათელია, თუმცა სიტუაციის ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ არც სხვა ვარიანტებია ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს.

«საბჭოელები» და მათი მხარდამჭერი მედია ერთადერთ გამოსავალს ნატო-ში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმის დეკლარირებაში ხედავენ: ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ ალიანსში არ ვწევრიანდებით — და მოსკოვი თავს გვანებებს.

ნეტავ ყველაფერი ასე მარტივად იყოს... უკვე აღარავის ახსოვს, რომ ჯერ კიდევ «ნაციონალური მოძრაობის» აღზევებისას მისი უმაღლესი რგოლის წარმომადგენლებმა რამდენიმე ინტერვიუ მისცეს რუსულ მედიას და მსუბუქად მიანიშნეს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესაძლებლობაზე, თუ სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების კუთხით პროცესი ადგილიდან დაიძვრებოდა.

მაშინ ყველა ეს განცხადება შეუმჩნეველი დარჩა, უპირველესად - რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. იფიქრო, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის კონფრონტაციის მიზეზი – ეს ნატო-ში გაწევრიანების ჰიპოთეტიური, პრაქტიკაში არარეალიზებადი განზრახვაა, – ნიშნავს, არაფერი გაგეგებოდეს პოლიტიკაში.

სადღეისოდ ნატო საქართველოსთვის უფრო სიმბოლური საკითხია, მაგრამ სიმბოლურ სფეროში დათმობების ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ მათზე არავინ ჩერდება. ადვილი სათქმელია: «ჩვენ არ შევდივართ ნატოში». ჩვენ ხომ ისედაც არ გვიღებენ. ბევრად უფრო რთულია, სულ სხვა კითხვებს გასცე პასუხი: «რატომაც არ უნდა შეხვიდეთ ОДКБ-ში?», «იქნებ ЕвразЭС-ში გაწევრიანებულიყავით?» ან «რატომ ეხმარებით ევროპას კასპიური გაზის რუსეთის გვერდის ავლით მიღებაში?» და ასე შემდეგ.

ეს ის კითხვებია, რომლებსაც ვერ გადაფარავ ხმამაღალი სადღეგრძელოებით და რომელიც მოითხოვს ცალსახა პასუხს - «კი» ან «არა». საბოლოო ჯამში, მაინც მოგვიწევს, ან კიდევ უფრო ზემოთ ავწიოთ თათები, ან მივხვდეთ, რომ «გონივრულ დათმობებს» საზღვარი აქვს...

მაგრამ არამც და არამც არ ჟღერს უფრო რეალისტურად პროდასავლური ოპოზიციის მოწოდებები იმის შესახებ, რომ «საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა ევროკავშირსა და აშშ-სთან», «უფრო გასაგებ ენაზე მიაწოდო ინფორმაცია დასავლელ მოკავშირეებს». რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გააკეთო, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ პრაქტიკულ შედეგს ეს არ ამოიტანს.

დასავლეთი არ ჩაერევა საქმეებში, რომელიც ათობით მოკბეჩილ ჰექტარს და უმიწოდ დარჩენილ ათობით ოჯახს უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, დასავლეთი პასიურობაში ვადანაშაულოთ, და ეს სამართლიანიც იქნება, თუმცა «realpolitik» «realpolitik» -ია. ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს საქართველოსთან მიმართებაში სრულიად კონკრეტული ამოცანა აქვთ: უკვე მოწყვეტილი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ რუსეთის ოკუპაციის მეტისმეტად თვალშისაცემად გაფართოება არ დაუშვას.

თუ ხვალ რუსული ჯარი ბანერს გორში დადგამს, სავარაუდოდ, დასავლეთი მაინც აღშფოთდება, ისე კი, «ერთი ჰექტარი — იქით, ერთი — აქეთ» - ეს მეტისმეტად მწირი საბაბია სერიოზული რეაქციისთვის...

ერთი სიტყვით, როგორც არ უნდა ატრიალო — არაფერი ვარგა. თავისთავად ჩნდება კითხვა: «რა ვქნათ, რა გამოსავალს გვთავაზობ?»... კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: და ვინ გითხრათ, რომ გამოსავალი არსებობს? ცოტას წავაწყდით ცხოვრებაში გამოუვალ მდგომარეობას? ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ყველანი მოვკვდებით და ეს არაა ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ზოგჯერ, რაც არ უნდა აკეთო, აზრი მაინც არ ექნება?

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვის ამჟამინდელი მოქმედება – ეს გამიზნული პოლიტიკაა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს ჩამოყალიბდა. არა აგვისტოში, როგორც ბევრს სურს, წარმოაჩინოს, არამედ ჯერ კიდევ მარტში... იგი დაახლოებით ასე ჟღერს: «მოდით, ვისაუბროთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელზეც შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა, სხვებზე - არა»...

მარტივად რომ ვთქვათ, მოდით, ვისაუბროთ ღვინოზე, ვაშლზე, პომიდორზე, ნანი ბრეგვაძესა და სოსო პავლიაშვილზე, მაგრამ ტერიტორიებზე ხმა არ ამოვიღოთ. სწორედ ამიტომ 2008 წლის გაზაფხულზე ორი ურთიერთგამომრიცხავი პროცესი დაიწყო: ერთის მხრივ — ექსპორტისა და ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები, ხოლო მეორეს მხრივ — მკვეთრი აქტივიზაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს სთავაზობდნენ, მიეღო ეს მიდგომა და შეჰგუებოდა მას, თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა: ჯერ «ნაციონალებმა» განაცხადეს დათანხმებაზე უარი, შემდეგ დასავლეთმა კოსოვო აღიარა, რითაც პუტინს სამაგიეროს გადახდის სურვილი გაუღვივა, და ყველაფერი აირია.

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ამ მიდგომის სრული და აბსოლუტური რეალიზაცია: ერთის მხრივ — ეკონომიკური და სხვა სახის კონტაქტები, მეორეს მხრივ — მოსკოვის სულ უფრო ხისტი კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე... და არანაირი წინააღმდეგობა ამაში არ არის – ჩვენ ხომ უკვე გვითხრეს 2008-ში: ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაზეც დაშვებულიაო. ხოლო 2008 წლის შემდეგ ამას კიდევ ერთი პირობა დაამატეს: «ვაღიაროთ ახალი რეალიები» – ანუ არ შევეწინააღმდეგოთ მოსკოვის მზარდ გავლენას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

მთლიანობაში, ამ ეტაპზე შექმნილი ვითარებიდან არანაირი გამოსავალი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სრულ და უპირობო კაპიტულაციას. ისღა რჩება, იმედი ვიქონიოთ, რომ პუტინი არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, – ამ გზამდე ხომ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი რჩება.

თუ პუტინის ფსიქოტიპს მივიღებთ მხედველობაში, იგი ამას სავარაუდოდ, არ გააკეთებს – ამჟამად რუსული ჯარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აქეთ-იქით გადაადგილდება, მაგისტრალი კი მისგან საკმაოდ შორსაა... სავარაუდოდ, რუსეთი არ წავა იმ ტერიტორიის ღია და პირდაპირ ოკუპაციაზე, სადაც არალოიალური მოსახლეობა ცხოვრობს. მთლიანობაში, ეს მისი სტილი არ არის, თუმცა რა იცი, რა ხდება?!

ასეა თუ ისე, აქტუალური რჩება კითხვა: თუ არც ეს ვარგა, არც ის, როგორ მოვიქცეთ?

ჩემი თვალთახედვით, პასუხი ასიმეტრიული უნდა იყოს: თუ რუსეთი ძლიერდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ უნდა შევასუსტოთ იგი იმ ტერიტორიებზე, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარება. ასიმეტრიულ პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის ყველა გამოვლინების სრული ლიკვიდაცია: აკრძალოს შესაბამისი პარტიები, დახუროს მედიასაშუალებები, მიიღოს კანონი, რომლითაც მოსკოვის სასარგებლოდ მოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება, «ახსნა-განმარტებითი საუბარი» აწარმოოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიწყოს მოქმედება საკუთარი ქვეყნის და არა ერთმორწმუნე მტრის ინტერესებში.

საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა დარჩეს აბსოლუტურად არაფერი, რაც შეიძლება, პოლიტიკურ და მედია-სივრცეში პრორუსულად შეფასდეს.

ამავდროულად უნდა მიმდინარეობდეს მზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის ან შემოვლითი გზის მშენებლობისთვის - იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი მაინც გადაჭრის ავტომაგისტრალს... არ არის აუცილებელი, იყო დიდი სპეციალისტი, რომ მიხვდე: ამ ტრასის გარეშე საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს...

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

https://www.ekhokavkaza.com/a/28606786.html