"ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა"

2017-04-20 16:01:08
118

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კომისიამ პარლმენტის გაძლიერების ნაწილში, რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენში არსებობს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 24 წლიანი ტრადიცია, რომელიც უკვე ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია.

„ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადად ფედერალური მოწყობის ქვეყნებია და იქ არის ორპალატიანი პარლმანეტი.

სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვაზე იყო საუბარი, საპარლამნეტო რესპუბლიკის და პარლმენტის გაძლიერების ნაწილში კომისიის წევრებმა, როგორ არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

ორპალატიანი პარლამენტი, პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად; ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების შტოთა გარკვეული გაწონასწორების ფუნქციას ახორციელებს, სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში; ორპალატიანი პარლმანეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რეგიონების თემა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა.

პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტებულია, ფაქტობრივად არცერთი ფუნქცია არ არის დატოვებული; მას სჭირდება პრემიერმინისტრის თანხმობა და პრემიერმინისტრის მიმართულებით არის გადასული ეს ფუნქციები.

ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარალამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერმინისტრთან'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას არ უკითხავს ხალხისათვის სურდა, თუ არა, რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა:

„ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ  ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა? ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო?

ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობა და უარესობის თემა? არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა - გაუგებარია.

არადა, კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკევეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.