მაიკლ ჩეჩირე: «აშშ-საქართველოს ურთიერთობების აღმავლობის გზაზე ურყევ დგომაზე საუბარი ნაადრევია»

2017-02-14 20:28:00
1198

 

ევრაზიის რეგიონის ანალიტიკოსი, ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია „ახალი ამერიკის“ ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ „აშშ-საქართველოს ურთიერთობების აღმავლობის გზაზე ურყევ დგომაზე საუბარი ნაადრევია“.

„საქართველოს მთავრობასა და აშშ–ის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა დღეისათვის მკვეთრად არ შეცვლილა იმ კავშირებთან შედარებით, რომელიც თბილისს ობამას ადმინისტრაციასთან ჰქონდა, როცა ორ ქვეყანას შორის კონტაქტი რეგულარული და ძლიერი იყო. რაც შეეხება მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციით, მინისტრ ჯანელიძის შეხვედრები აშშ–ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ მაიკლ ფლინთან [გენერალმა ფლინმა დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა] პროდუქტიული იყო, ძალიან ნაადრევია იმის თქმა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ურყევად აღმავლობის გზაზე დარჩება» - განუცხადა «აქცენტს მაიკლ ჩეჩირემ.

მისივე შეფასებით, «სამწუხაროდ, აშშ–ის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ შემწყნარებლობას იჩენს»: «ამის ნათელი მაგალითია ტრამპის ინაუგურაციამდე გენერალ ფლინის სავარაუდო უკანონო საუბრები აშშ-ში რუსეთის ელჩთან. მიუხედავად იმისა, რომ ტილერსონის, ფლინის თუ კაბინეტის სხვა მაღალი რანგის წევრთა მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმული მხარდამჭერი განცხადებები თბილისისთვის კარგი ამბავია, აღნიშნული აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმსაზღვრელი არასრულყოფილი ბარომეტრია, განსაკუთრებით - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში» - თვლის ჩეჩირე.

მისივე შეფასებით, აშშ–ის პრეზიდენტი «თანმიმდევრულად ამჟღავნებს ხალხის გაოცების შესაძლებლობას.

ტრამპისა და მისი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად ჩეჩირეს ასევე საკითხებისადმი წმინდად ბიზნესის თვალსაზრისით მიდგომა მიაჩნია:

«წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მიმართ უფრო იმედიანად განწყობილი მხარდაჭერები ცდილობდნენ, ხსენებულითვის ის ინტერპრეტაცია მიეცათ, რომ ტრამპი „მოლაპარაკებების წარმოების ექსპერტია», ან რომ ის საერთაშორისო ურთიერთობებს «რეალისტურად უდგება».  თუმცა ვხედავთ, რომ საქმე ასე არაა: წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, უკვე გაპრეზიდენტებული ტრამპი საკითხებს კვლავაც ბიზნესის თვალსაზრისით ეკიდება, მაგრამ არამც და არამც არა აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, - შესაძლოა, პირადი პოლიტიკური, კომერციული თუ ფსიქოლოგიური ინტერესების კუთხით».

მისივე აზრით, «მთლად ფანტაზიის სფეროდან არ იქნება ვარაუდი, ერთ დღეს ტრამპმა გადაწყვიტოს, რომ მოსწონს საქართველო და მის გამო რუსეთს დაუპირისპირდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მან თავიდანვე გამოხატა პატივისცემა რუსეთის და დაუფარავი აღფრთოვანება პუტინის მიმართ, ბევრად მეტად სავარაუდოა, იგი საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების გამოყენებას შეეცადოს რუსეთთან «დიდი გარიგებისთვის» ვაჭრობაში». 

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში თბილისი, ჩეჩირეს აზრით, «სრულიად შესაძლებელია, საქართველომ ისარგებლოს იმ ერთგვარი უყურადღებობით, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ–ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პროექტებთან დაკავშირებით იჩენს და აშშ–საქართველოს  ორმხრივი ურთიერთობები უკვე არსებული გეგმის მიხედვით გააგრძელოს».

მისივე თქმით, «პრობლემა გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აირჩევს გზას, აშშ–სთან საქართველოზე დაიჩივლოს»: «2017 წლისთვის დაგეგმილი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მაღალი ტემპის გამო შესაძლოა, მოსკოვმა ვაშინგტონთან აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე დაიჩივლოს. აღნიშნულ მდგომარეობას ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება, შეხედოს, როგორც ერთგვარ "დაბალი ღირებულების" ჟესტს, რომელიც შეიძლება, რუსეთს გაუკეთოს, ან შეიძლება, აღნიშნული მდგომარეობა ამოსავალ წერტილად აღიქვას სამომავლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, – განუცხადა „აქცენტს“ ჩეჩირემ.

მისივე თქმით, „ამ დელიკატურ დროს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იპოვოს ბალანსი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალებს შორის, რათა შეინარჩუნოს კარგი ყოველდღიური კავშირები აშშ–სთან, ევროპის დედაქალაქებთან, ერთის მხრივ და გულთბილი ურთიერთობები რუსეთთან, მეორეს მხრივ».

ამასთან, ჩეჩირეს თქმით, საქართველოს შეუძლია, იმუშავოს სხვა შესაძლო პარტნიორებთან და უფრო შორეულ მოკავშირეებთან, მაგალითად, ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მის ევროატლანტიკურ იდენტობას ხაზგასმით აღნიშნავენ – მაგალითად კანადასთან.

რაც შეეხება აშშ–რუსეთის სამომავლო ურთიერთობებს, ჩეჩირე არ ელის, რომ აშშ და რუსეთი აუცილებლად გახდებიან ახლო პარტნიორები და მოკავშირეები.

„აშშ-რუსეთის ინტერესები მკვეთრად განსხვავდება არა მარტო საქართველოში, უკრაინასა და სირიაში, არამედ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფუნდამენტურ საკითხებშიც“, – დასძინა ჩეჩირემ.

მარიამ ჩუბინიძე