შსს: "17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული ადამიანის თავისუფლებას დაიცავს"

2018-05-16 19:38:36
101

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

"სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებშიც შესაძლოა იკვეთებოდეს სიძულვილის მოტივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სიძულვილის მოტივის ნიშნით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც საგრძნობლად აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ იქნა 53 პირი.

2018 წლის მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის გარდა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამის ნათელი მაგალითებია ის აქციები, რომლებიც უმცირესობის წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში ჩაატარეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და მათ მისცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა იმ პირების დაკავება, რომელთა მხრიდანაც ძალადობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აღნიშულ დღეს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას" - განაცხადა თოლორაიამ.