სესიაშვილი – კონტრაქციაზე: „დესტრუქციული ძალა, რომელიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“

2018-05-16 17:10:43
513

ჩემთვის როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის შეხედულებები, გამოხატვის ფორმები, ქცევა აბსოლუტურად მიუღებელი იყო,– ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასა და კონტრ–აქციას.

„ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. რომელიმე ჯგუფის მტრად შერაცხვა არასწორია. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ ქვეყანაში და თუ ვთვლით, რომ ეს პრობლემაა (და ჩემთვის, როგორც ერთის, ისე მეორე ჯგუფის გამოვლინება სერიოზული პრობლემაა), ესე იგი ჩვენშია პრობლემა და ამ პრობლემებზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ“,– ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

რაც შეეხება მისთვის მიუღებელ ფორმებს, როგორც სესიაშვილი აცხადებს, „თავად აქციაზე შეიძლება, ადგილი არ ჰქონდა გადაცდომას, მაგრამ იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, ერთგვარი ნარკოპროპაგანდა (ამ ვითარებაში ყველაზე საშიშად ეს მეჩვენა), ეს მიუღებელია ჩემთვის, თუმცა მე, როგორც პოლიტიკოსს, თმენის ვალდებულება მაქვს და ამას ვუყურებ, როგორც გამოხატვის თავისუფლების პრინციპის ნაწილს. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ძალადობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“.

ამასთან, სესიაშვილი რადიკალურ ჯგუფებთან ხელისუფლების კავშირს კატეგორიულად უარყოფს:

„მავანნი ცდილობენ, რომ ეს ჯგუფები ხელისუფლებას დაუკავშირონ. ეს ტყუილია. თქვენ ნახეთ, რა დაძაბული ვითარება იყო. იქ მცირედი შეცდომა... კორდონის გარღვევის შემთხვევაში უმართავი პროცესები დაიწყებოდა. ამ რადიკალური ჯგუფის მიერ არაერთხელ გამოვლენილა დესტრუქციული ქმედებები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. გახსოვთ, ბრეგაძე როგორ გვაბრალებდა, „მაწამესო“. შემდეგ საზოგადოებრივი შეფასებებიც გვახსოვს. ეს არის ჯგუფები, რომლებიც თავიანთი რადიკალური ქმედებებით ცდილობენ, ადგილი იპოვონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ხელისშემშლელია. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც საზოგადოების მხრიდან სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. „ქართული ოცნებას“, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და ბერკეტი, ქვეყანაში სიტუაცია აკონტროლოს, არაფერში სჭირდება, კავშირი ჰქონდეს მსგავს რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც ქვეყანას, საზოგადოებრივ მშვიდობას და წესრიგს საფრთხე უქმნიან“,– განაცხადა სესიაშვილმა "ტვ პირველის".