სასჯელაღსრულება ბაქრაძის დახასიათებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პასუხობს

2018-04-16 18:43:04
391

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები გაიგზავნა.

დარახველიძის განმარტებით, დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, არამედ შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში: როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.

"სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიამ, ისე სასჯელაღსრულებაში უდოს საბჭომ. ჩვენ 6-ჯერ უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. მანამდე 3-ჯერ უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ დარჩენილი სასჯელის მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ჯამში 9-ჯერ განვიხილეთ და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა დარახველიძემ.

ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია უდოს კომისიის უარზე, დარახველიძის განმარტებით, დარჩენილი სასჯელის მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე გადაწყვეტილება 1 თვით ადრე მიიღეს, მაგრამ პრეზიდენტის შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უდოს კომისიის სხვა დასკვნებს.