ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა: "ბრალდებულის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრი ითხოვდა"

2018-04-16 15:27:59
132

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აზუსტებს, ოჯახის რომელი წევრი ითხოვდა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, თუმცა ირწმუნება, რომ კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად ამ გარემოებას ეფუძნებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე წუთები გვიდგას, არ გავავრცელებ ამ ინფორმაციას, რადგან პირადი ხასიათისაა, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი მოტივაცია მნიშვნელოვანწილად ამას ეფუძნებოდა“.

ცნობისთვის: როგორც პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, ვეფხია ბაქრაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრი ითხოვდა:

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ შემთხვევაში ყველა კითხვას ვუპასუხოთ. თანმიმდევრულად მივყვები –  2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა (მაშინ მსჯავრდებულმა) ძალადობის აქტი ჩაიდინა მეუღლის მიმართ. მაშინ ეს ადამიანი დაპატიმრებული არ იყო, მხოლოდ 4 თვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო დააკავეს და ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. ერთხელ უარყოფილ იქნა მისი თხოვნა. მეორე მიმართვის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი შევიდა შეწყალების კომისიაში. აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა – ადმინისტრაციის, სამედიცინო, სოცმუშაკის... მსჯავრდებულის აღიარება და აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. დოკუმენტებს თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე (პრეზიდენტი არ აზუსტებს რომელ ოჯახზეა საუბარი). მაშინ კომისიამ მე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომმართა სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი გავანახევრე. მიუხედავად იმისა, რომ 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ის კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, თუმცა ეს მორალურ ტვირთს არ გვიმსუბუქებს“