ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია: "არავინ იცოდა, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს მძიმე შედეგი მოჰყვა"

2017-12-07 16:04:08
498

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი იმედა ბეროშვილი არ აკონკრეტებს, რატომ შეცვალა დაცვის მხარემ პოზიცია, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების შესახებ.

„გვსურდა განჩინების გასაჩივრება, თუმცა რა მიზნით შევცვალეთ პოზიცია, ამას ვერ გეტყვით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ შევიცვალე პოზიცია. ის ბრალს არ აღიარებს. ასევე, არ არის დაკითხული. არავინ იცოდა, რომ აღნიშნულ ჩხუბს მძიმე შედეგი მოჰყვა და ეს არ ყოფილა დანაშაულის დაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა კონფლიქტის შესახებ იცოდა, მაგრამ შედეგი არ იცოდა, რადგან თავად არასრულწლოვანმა არ უთხრა“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

ცნობისთვის: მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ამ დროისტვის 7 პირია ბრალდებული -  5 დანაშაულის დაფარვისთვის, 2 არასრულწლოვანი კი - განზრახ მკვლელობისთვის. ორივე არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 3 სრულწლოვანი ბრალდებულიც. ერთ-ერთი დაკავებული მშობელია. გამოძიების ცნობით, მან დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა სამართალდამცველებს არ დაუკავშირდა. კიდევ ორი დაკავებული სრულწლოვნები ბრალდებულის მეზობლები არიან. მათ მოზარს მიმალვაში შეუწყვეს ხელი. 17 და 21 წლის ბრალდებულები კი, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება შეეფარდა. 21 წელის ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო 17 წლის მოზარდი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

იმ ბრალდებულის, რომელიც სამართალდამცველებს ორი დღის წინ ჩაბარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს და ამბობს, რომ მოწმეებმა ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ გამოძიებას მოწმეების ხელმეორედ დაკითხვაც მოუწევს. ადვოკატი ღიად ამბობს, რომ არ სჯერა საქმეში მკვლელობის მხოლოდ 2 იარაღის არსებობის.

საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, პროკურატურის ცნობით, #51 ოლაში მეთერთმეტე კლასელებსა და მეცხრე კლასელებს შორის ამავე სასწავლო დაწესებულების საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა მეცხრე კლასელმა დახმარებისთვის პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ნათესავს მიმართა. ამის შემდეგ მოზარდებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს. იქ მომხდარ სისხლიან გარჩევას კი 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სალარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადუნაშვილი მრავლობითი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სალარიძე კი 20 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ებრძოდა სიკვდილს.